საქმე ეხება გია გაჩეჩილაძის („უცნობი“) მიერ გუშინ, 13 ივლისს, ტელეკომპანიების „მაესტროს“ და „იმედის“ ეთერით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ პროდიუსერისა და ჟურნალისტების საუბარია ჩაწერილი. ჟურნალისტები ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებენ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.
„პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფუნდამენტური ასპექტია კომუნიკაციის თავისუფლება, რომელიც მოიცავს ადამიანების კომუნიკაციის ანონიმურობის დაცვას ნებისმიერი მესამე პირისგან. ამ უფლების დაცულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პირადი და საქმიანი სივრცის ხელშეუხებლობისთვის.
ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჟურნალისტებს სახელმწიფო უკანონოდ უსმენს, რისი გამოძიებაც სათანადოდ არ მომხდარა. ამის დასტურია, 2021 წელს გავრცელებული ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ფაილები, რომლებიც, ათეულობით ჟურნალისტის სავარაუდო უკანონო მოსმენის შინაარსს ასახავს“, – აცხადების მედიის ადვოკატირების კოალიცია.
კოალიცია აღნიშნავს, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტების სავარაუდო ფარული ჩანაწერის გავრცელება ამძაფრებს ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ჩანაწერიც სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს ეკუთვნოდეს.
მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, რომელიც „მაესტროზე“ გადაცემა „აი უცნობის“ წამყვანია, ფარული აუდიოჩანაწერის ეთერში გაშვებამდე განაცხადა, რომ ჩანაწერი ერთ-ერთი კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენელმა გუშინ დილით გადასცა.