weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

შატილის მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციას ითხოვს

17:50 კვირა, 01 ოქტომბერი 2017

პირიქითა ხევსურეთში, შატილის მოსახლეობა სოფლის ჰესის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითხოვს. ჰესი მოძველებულია და მწყობრიდან ხშირად გამოდის, რის გამოც შატილის მცხოვრებლები ელექტროენერგიის გარეშე რჩებიან. 2017 წლის ტურისტულ სეზონზე მოსახლეობა უშუქოდ არაერთხელ დარჩა ოთხი–ხუთი დღით, 2016 წლის ზამთარში კი ელექტროენერგია თითქმის 4 თვე არ ჰქონდათ.

შატილის მცხოვრებლების თქმით, ჰესი კომუნისტების დროს არის აშენებული. „შუქი ისე მალ–მალე მიდის, ხან ერთი კვირა არ გვაქვს ხოლმე. თუ ზამთარში გაფუჭდა, მაშინ შეიძლება ხელოსნები საერთოდ ვერ ამოვიდნენ. გზა არ არის და უამინდობის გამო ვერტმფრენიც არ დაფრინავს. წინა ზამთარს ასე დავრჩით უშუქოდ. მერე შეაკეთეს. წელსაც რამდენჯერმე გაფუჭდა, ისევ შეაკეთეს, მაგრამ ხელოსნები ჩასულები არ არიან ხოლმე თბილისამდე, რომ ისევ ფუჭდება. კაპიტალურ რეაბილიტაციას დიდი ფული უნდაო“, – უთხრა „რეგინფოს“ შატილის მკვიდრმა მარო ჭინჭარაულმა.

ადგილობრივებმა ჰიდროელექტროსადგურის კარზე პროტესტის ნიშნად წარწერაც გააკეთეს: „შატილის უნამუსო გესი“.

შატილში მდებარე საოჯახო სასტუმროების მეპატრონეების თქმით, იმის გამო, რომ წელს ზაფხულში ჰესი მწყობრიდან რამდენჯერმე გამოვიდა და ელექტროენერგია არ იყო, ტურისტულმა სააგენტოებმა არაერთი შეკვეთა გააუქმეს. „წყლის გათბობა გვაქვს ელექტროენერგიაზე და უკვე შემოდგომის პირას ჰესი ორჯერ გაფუჭდა. დენი რომ არ იყო, წყალსაც ვერ ვათბობდით და დასაბანად ცხელი წყალი არ გვქონდა, რის გამოც სააგენტოები შეკვეთებს აუქმებდნენ“, – აღნიშნეს საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა.

შატილის ჰესზეა დამოკიდებული შატილის სკოლა–პანსიონის ელექტროენერგიით მომარაგებაც. უშუქობის დროს, ბავშვები, რომლებიც პირიქითა ხევსურეთის სხვადასხვა სოფლიდან არიან და სკოლაში სწავლის გამო მთელი კვირის განმავლობაში პანსიონში ცხოვრება უწევთ, სანთლის შუქზე რჩებიან.

შატილის ჰესი დუშეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. გამგეობაში აცხადებენ, რომ ჰესის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის 2017 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის.

პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს იკეტება და მაისის შუა რიცხვებამდე ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია. უღელტეხილი ზღვის დონიდან 2676 მეტრზეა. ზამთარში ხევსურეთის სოფლებთან დაკავშირება მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. თბილისიდან ხევსურეთში თვეში ერთხელ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დაფრინავს, რომელსაც მესაზღვრეები გადაჰყავს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სასაზღვრო პოლიციასთან შეთანხმებით ადგილობრივებიც ახერხებენ გადაადგილებას. სამოქალაქო ავიარეისები ხევსურეთში იშვიათად სრულდება. ზამთარში პირიქითა ხევსურეთში, შატილი–მუცოს მხარეს დაახლოებით 15 ოჯახი ცხოვრობს, სოფლების დიდი ნაწილი მოსახლეობისგან დაცლილია. იმ შემთხვევაში, თუ შატილი წელს ზამთარშიც უშუქოდ დარჩა, პირიქითა ხევსურეთის დატოვებას სხვა ოჯახებიც ფიქრობენ. რუსი მესაზღვრეები უკვე შატილიდან სამ კილომეტრში, ანატორთან, საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე დგანან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]