დეკემბერი 11, 2017
weather cur airplane horoscope tv

თუშეთის გზაზე ხალხია ჩარჩენილი, გზის გაწმენდითი სამუშაოები არ მიმდინარეობს

16:17 - 04 ოქტომბერი 2017 hits 530
თუშეთის გზაზე ხალხია ჩარჩენილი, გზის გაწმენდითი სამუშაოები არ მიმდინარეობს ფოტო © ლევან სულაკაური

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე რამდენიმე ადგილას მცირე ზვავია ჩამოსული, რის გამოც ავტომობილები გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ და თორღვას აბანოს ზემოთ – უღელტეხილამდე, ბოთლის წყალთან და უღელტეხილს იქით ე.წ. ციმბირთან ხალხია ჩარჩენილი.

როგორც აბანოს უღელტეხილიდან რამდენიმე კილომეტრში მყოფმა ლევან სულაკაურმა „მთის ამბებს“ უთხრა, გზის გაწმენდითი სამუშაოები არ მიმდინარეობს.

„გზაზე თოვლი არ არის, მაგრამ რამდენიმე ადგილას მცირე ზვავია ჩამოსული და ვერ გადავდივართ.

ტრაქტორი გავლილიც კი არ არის. ჩვენგან რამდენიმე კილომეტრში, საგზაოსთანაა ტრაქტორი გაჩერებული. დილით დაგვპირდნენ, რომ შუადღისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდებოდა და იმიტომ წამოვედით. ამაღამ ალბათ აქ მოგვიწევს დარჩენა. ორივე მხარეს ზვავია და ვერსაით ვეღარ მივდივართ. მაშველებსაც არ ვურეკავთ, რა აზრი აქვს? ვიდრე ტრაქტორი არ მოვა და გზას არ გაწმენდს, ვერ დაგვეხმარებიან“, – აღნიშნა ლევან სულაკაურმა.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, რამდენიმე მგზავრია ჩარჩენილი აბანოს უღელტეხილს იქით, ე.წ. ციმბირთან. გადაადგილებას ვერც ისინი ახერხებენ. მათივე თქმით, თუშეთის გზაზე კიდევ 2 ავტომობილი და 10–მდე მგზავრია გაჩერებული, მაგრამ ისინი დარეკვასაც კი ვერ ახერხებენ, რადგან იმ ადგილებში სატელეფონო კავშირი არ არის.

„მთის ამბებთან“ საუბარში ტრაქტორისტებმა აღნიშნეს, რომ საწვავი არა აქვთ და ამიტომ ვერ მუშაობენ.

„მთის ამბები“ რამდენიმე საათია ცდილობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის, შპს „გერალის“ წარმომადგენლებთან დაკავშირებას. ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

შპს „გერალი“ თუშეთის გზის მოვლა–პატრონობაზე პასუხისმგებელი 2017 წლიდან 2019 წლის ჩათვლით არის. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შედეგად კომპანიას ბიუჯეტიდან 1 236 791 ლარი აქვს გამოყოფილი.

თუშეთიდან ჯერ არ არის დასრულებული საქონლის ზამთრის საძოვრებზე გადმოყვანა, ასევე მეცხვარეებს მთიდან ბარში ტვირთის და პროდუქტის ჩამოტანაც არ დაუსრულებიათ. ამ დროისთვის თუშეთში უცხოელი და ქართველი ტურისტების რამდენიმე ჯგუფი კიდევ იმყოფება.

თუშეთის ერთადერთი საავტომობილო გზა, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე აბანოს უღელტეხილზე გადის, დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს იკეტება და მაისის ბოლომდე თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. ზამთარში თუშეთის სოფლებში, მესაზღვრეების გარდა დაახლოებით 20–25 ადამიანი რჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი