weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სინოდმა ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტს მღვდელმოქმედების უფლება აღუდგინა

12:50 ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა), რომელსაც მრევლის ნაწილი არასრუწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებდა, მღვდელმოქმედების უფლება აღუდგინა და მამათა მონასტერში გაამწესა. მას საპატრიარქოდან ყოველთვიური ფინანსური დახმარებაც დაენიშნა.

მიტროპოლიტმა სერაფიმემ ბორჯომისა და ბაკურიანი ეპარქია 2016 წელს დატოვა. „მეუფე სერაფიმემ თვითონ ითხოვა - არ მინდა ეს აყალმაყალი და წავალ მშვიდად, სადმე მონასტერში ვიქნებიო. ათონზე და კიდევ რამდენიმე მონასტერში იყო“, - განაცხადა მეუფე იოანემ (გამრეკელი) სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ.

2016 წლის აპრილში საპატრიარქომ განაცხადა, რომ მიტროპოლიტი სერაფიმე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველობიდან გათავისუფლდა. საპატრიარქო მიტროპოლიტის ეპარქიიდან წასვლის მიზეზად მის პირად თხოვნას ასახელებდა, თუმცა არ აკონკრეტებდა, რატომ მიიღო სასულიერო პირმა ეს გადაწყვეტილება.

მრევლის ნაწილი მეუფე სერაფიმეს არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებდა.

მიტროპოლიტის გადადგომიდან 9 თვის შემდეგ საპატრიარქომ ის ავსტრია-გერმანიის ეპარქიის მმართველად გაამწესა, მაგრამ ეპარქიის სამივე მღვდელმა გამოაქვეყნა ღია წერილი, სადაც ისინი მიტროპოლიტის მმართველად დანიშვნას ეწინააღმდეგებოდნენ და დაუმორჩილებლობას აცხადებდნენ.

„არსებული ბრალდებების გამო მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა ჩვენს ეპარქიაში აბსოლუტურად მიუღებელია სამღვდელოებისა და მრევლისთვის. ეს გადაწყვეტილება მორწმუნეებში იწვევს აღშფოთებას, განხეთქილებას და მღელვარებას. იგი ჩვენს სამრევლოებში ხელს არ შეუწყობს სიმშვიდესა და ერთიანობას“, - აღნიშნული იყო გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დეკანოზის თამაზ (ლომიძის) მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებაში.

მიტროპოლიტმა ავსტრია-გერმანიის ეპარქიაში გამგზავრებაზე უარი თქვა.

მიტროპოლიტი სერაფიმე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას 21 წლი მართავდა.

სინოდმა გუშინდელ სხდომაზე ღვთისმსახურების უფლება აღუდგინა გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ექვთიმეს. „სასამართლომ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ის იყო უდანაშაულო. იქ ცოტა სხვა სიტუაცია იყო. უბრალოდ მეუფემ თავისთავზე აიღო. ამიტომ მას აღუდგა მღვდელმსახურება“, - განაცხადა მეუფე იოანემ.

მეუფე ექვთიმესთვის მღვდელმსახურების შეწყვეტა ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდებოდა.

ამასთან, სინოდმა ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) მიუთითა, რომ „იგი უნდა დაემორჩილოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ის გამწესებული იყო მონასტერში სინანულისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში წმინდა სინოდი განსახილველად აღარ დაუბრუნდება მისი პერსონალური საკითხის ირგვლივ მსჯელობას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]