weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

„კუდ“-ის კახეთის ყოფილი უფროსი თბილისში მრავალფუნქციურ კორპუსებს აშენებს

13:48 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი ზურაბ ლალიაშვილი, რომელიც სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დამნაშავედ ცნო, 2014 წლის 13 ოქტომბრიდან სამშენებლო კომპანიის დირექტორია და თბილისში მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.

სამშენებლო კომპანია „ჩემი სახლი“ 2014 წლის 13 ოქტომბერს შეიქმნა. კომპანიის მფლობელი პარტნიორები არიან დავით კანკავა (60 %) და ივლიტა ლალიაშვილი (40 %), რომელიც ზურაბ ლალიაშვილის მეუღლეა. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიამ „ჩემი სახლი“ 2015 წლის აგვისტოში კერძო პირებისგან იყიდა ქალაქ თბილისში, საირმისა და ბურძგლას (ყოფილი შმიდტის) ქუჩებს შორის, 1696 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. კომპლექსი შედგება ორი 8-სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლისა და 2-სართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომისგან. 

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ლალიაშვილი, როგორც შპს „ჩემი სახლის“ წარმომადგენელი, თითქმის ყველა შემთხვევაში უშუალოდ მონაწილეობს საჯარო რეესტრში განხორციელებულ სარეგისტრაციო წარმოებებში. 

საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ ზურაბ ლალიაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, მან, თავის ყოფილ მოადგილესთან დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, სოფელ წინანდალში მცხოვრებ ბიზნესმენ ალექსანდრე მეგუთნიშვილზე სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელა. 

ალექსანდრე მეგუთნიშვილის განცხადებით, დაკითხვის დროს ლალიაშვილი მას ფიზიკურად გაუსწორდა, გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ კი კუდ-ის კახეთის ხელმძღვანელების დავალებით აწამებდნენ. 

მისი თქმით, ციხიდან ცოცხლად გასვლის სანაცვლოდ, ზურაბ ლალიაშვილი და მისი ყოფილი მოადგილე მისგან შსს–თვის ძვირადღირებული მანქანების ყიდვას ითხოვდნენ. ალექსანდრე მეგუთნიშვილთან საპროცესო შეთანხმება მხოლოდ მას შემდეგ გაფორმდა, რაც მან კუდ–ის მაღალჩინოსნებს 98 000 აშშ დოლარად ღირებული მანქანები უყიდა. 

ლალიაშვილი 2012 წლის ნოემბრიდან მიმალვაში იმყოფებოდა, რის გამოც მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. პოლიციას იგი 2013 წლის 16 ივლისს ჩაბარდა, მეორე დღეს კი სასამართლომ მას 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა. 

ამის შემდეგ ბრალდებული სასამართლო პროცესზე აღარ ცხადდებოდა, რის გამოც საქმის განხილვა დაახლოებით 70-ჯერ გადაიდო და 4 წლის განმავლობაში ჭიანურდებოდა. ამის თაობაზე დაზარალებულიც საჯაროდ აცხადებდა პრეტენზიას და სხვა მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემასაც მოითხოვდა.

თელავის რაიონულ სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ზურაბ ლალიაშვილის საქმეზე ბოლო სხდომა 2017 წლის 19 ივლისს ჩატარდა, ლალიაშვილს და მის ყოფილ მოადგილეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]