weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ამერიკა მზად არის მხარი დაუჭიროს პანკისის ხეობის განვითარებას – იან კელი

13:57 პარასკევი, 17 ნოემბერი 2017

„მე ნამდვილად ვხედავ პანკისის ხეობის განვითარებისთვის უდიდეს პოტენციალს. ეს იქნება სოფლის მეურნეობის, ენერგიის წარმოების და ასევე ტურიზმის განვითარების კუთხით. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს ამ რეგიონის განვითარებას ექსპერტული, საკონსულტაციო დახმარებით თუ სხვადასხვა პროექტებით. პირადად მე ნამდვილად მჯერა, რომ ამ რეგიონს აქვს ნათელი მომავალი“, – განაცხადა საქართველოში აშშ–ს ელჩმა იან კელიმ პანკისის სათემო რადიო WAY–ს ეთერში. ელჩმა მონაწილეობა მიიღო გადაცემაში „მე და სახელმწიფო“.

იან კელი პანკისის ხეობაში დღეს მეორედ იმყოფებოდა. სათემო რადიოსთან ინტერვიუში მან ხეობაში მისი პირველი ვიზიტი გაიხსენა. „დიახ, გასულ 2016 წელს, მე პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად ვიყავი ამ რეგიონში. ეს მოჰყვა გამაოგნებელ განცხადებას რუსეთის მხრიდან, რომ თითქოს აქ იწვრთნებოდნენ ბოევიკები და შემდეგ იგზავნებოდნენ სირიაში, ტერორისტულ ორგანიზაციებში. ჩვენ მაშინ ზუსტად სოლიდარობის გამოსახატავად ჩამოვედით აქ, პანკისში, რომ ეს არის ძალიან წყნარი და პროდუქტიული რეგიონი“, – აღნიშნა იან კელიმ.

აშშ–ს ელჩის განცხადებით, საელჩოს ძირითადი მისიაა მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებას – გახდეს დასავლეთ საზოგადოების წევრი. „ჩვენი ინვესტიციების უმეტესი ნაწილიც ძირითადად ამ ორი მიმართულებით არის განხორციელებული. პირველი, ეს გახლავთ განათლების ხელშეწყობა საქართველოში. მოგეხსენებათ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია ახორციელებს 140 მილიონ დოლარიან პროექტს საქართველოში, რაც გულისხმობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისეთ საგნებში, როგორიც არის საბუნებისმეტყველო საგნები, ინჟინერია, მათემატიკა და ა.შ. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს, გახდნენ ოცდამეერთე საუკუნის ეკონომიკის სრულფასოვანი წევრები. ასევე, პროფესიული განათლების ხელშეწყობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის.

მეორე მიმართულება რასაც ჩვენ განვახორციელებთ ინვესტიციებით, ეს არის ზოგადად შესაძლებლობების უზრუნველყოფა ახალგაზრდებისთვის.

წარმატებას რომ მივაღწიოთ, არ არის აუცილებელი დაველოდოთ, რას გაგვიკეთებს მთავრობა და ა.შ. აუცილებელია იყოს შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, რათა მათ თავადვე შეძლონ გარკვეული საქმის წამოწყება. ჩვენი პროგრამების დიდი ნაწილი ემსახურება სწორედ ამას, რომ გავაძლიეროთ ახალგაზრდობა, მივცეთ მათ უფრო მეტი შესაძლებლობა, რათა თავადვე წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი“, – განაცხადა საქართველოში აშშ–ს ელჩმა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პანკისის ხეობის სოფლებში მცოვრებ მეწარმეებს არსებული საქმიანობის გაფართოებაში, ხარისხის გაუმჯობესებაში, ხოლო დამწყებ მეწარმეებს ბიზნესიდეების განხორციელებაში ეხმარება. რაც შეეხება განათლების მხარდაჭერას, აშშ-ის საელჩოს სპეციალური სტიპენდიით სოფელ ჯოყოლოს სკოლის ორი კურსდამთავრებული სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოში შემოთავაზებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე სწავლობს. მათ განათლებას ამერიკის საელჩო 4 წელიწადში 30 000 დოლარით დააფინანსებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]