weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სვანეთში აქციის მონაწილეებს მშენებარე ჰესისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი აქვთ

00:09 კვირა, 03 დეკემბერი 2017

სვანეთში, ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად მშენებარე მესტიაჭალა ჰესისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სვანეთში ჰესების მშენებლობის და ინდუსტრიული მასშტაბებით ოქროს წარმოების შეჩერებას, ასევე სვანეთის განვითარების გეგმის შემუშავებას ითხოვენ.

აქციის რამდენიმე მონაწილე მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩენას გეგმავს. მათი თქმით, კომპანია "სვანეთი ჰიდროს" ჰესის მშენებლობის სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

აქცია "სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის" მიერ არის ორგანიზებული. აქციის გამართვამდე ადგილობრივებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართეს. მოძრაობის წევრების განცხადებით, მესტიაჭალა ღვარცოფული მდინარეა და მისმა დაგუბებამ და მილში მოქცევამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ადგილობრივების საცხოვრებელ გარემოსა და სიცოცხლეს.

"როგორც მოგეხსენებათ, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ სვანეთში დაგეგმილია 35 ჰესის მშენებლობა, აქედან 7 მაღალკაშხლიანის. ასევე, სოფელ იელში დაიწყო ოქროს ინდუსტრიული მოპოვება.

ჰესები და ოქროს მოპოვება აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს გარემოს. მსგავსი პროექტები საფრთხის ქვეშ აყენებს იმ უზარმაზარ კულტურულ მემკვიდრეობასა და უნიკალურ გარემოს, რომელიც სვანეთმა შემოინახა.

მოგეხსენებათ, სვანეთს გააჩნია უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი და ამ მხრივ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულია არაერთი მსხვილი ინვესტიცია, ხოლო ჰესები და ოქროს მოპოვება პრაქტიკულად სპობს ტურისტული მიმართულების განვითარების პერსპექტივას და გაუმართლებელს ხდის სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ ინვესტიციას.

ჰესები და ოქროს მოპოვება ცვლის ეკოლოგიურ ბალანსს და მიმდინარე გლობალური დათბობის პირობებში აუცილებლად გაიზრდება ხეობაში სტიქიური მოვლენების ალბათობა. ყოველივე ეს კი გამოიწვევს მკვიდრი მოსახლეობისგან ხეობის დაცლას, რაც ასევე კატეგორიულად მიუღებელია. მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციასთან ვართ პრაქტიკულად კონფლიქტურ მდგომარეობაში და არ გვაქვს დემარკირებული სახელმწიფო საზღვარი, რამდენად გონივრულია სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის დასუსტებული და დაცლილი საზღვრისპირა რეგიონი?!

ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა მოვითხოვთ, შემუშავდეს სვანეთის განვითარების სტრატეგიული გეგმა, სადაც თანამედროვე მსოფლიო ტენდენციების და ფასეულობების გათვალისწინებით იქნება შეფასებული და გონივრულად განსაზღვრული პრიორიტეტები. მხოლოდ ამ გეგმის შემუშავების შემდგომ და მკვიდრი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, მათი ინტერესებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილებები", - აღნიშნულია მიმართვაში.

"მესტიაჭალა 1"-სა და "მესტიაჭალა 2"-ის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიალს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახი კალაძეც ესწრებოდა.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ი იქნება, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მილიონი აშშ დოლარია.

ჰიდროელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შესვლა 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. პროექტს ახორციელებს სს "სვანეთი ჰიდრო", რომლის დამფუძნებლებიც არიან სს "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია" და ავსტრიული კომპანია RP Global Investment.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]