weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თელავის საკრებულოს ნიკა ვარდოშვილის სასარგებლოდ 22 975 ლარის გადახდა დაეკისრა

18:20 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ქალაქ თელავის ყოფილი საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ნიკოლოზ ვარდოშვილის სარჩელი და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისთვის 22 975 ლარის გადახდა დააკისრა. ნიკოლოზ ვარდოშვილი იმ სახელფასო განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა, რომელიც 2014 -2016 წლებში, საკრებულოში ფრაქციის დარეგისტრირებაზე უარის თქმის გამო ვერ მიიღო.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი დღეს გამოაცხადა. ვარდოშვილის ინტერესებს ადვოკატი, კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე გიორგი სიბაშვილი იცავდა.

ნიკოლოზ ვარდოშვილი 2014 წელს ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი არასაპარლამენტო ოპოზიციიდან გახდა. იმავე წლის სექტემბერში მან საკრებულოს კიდევ ორ წევრთან, ბაადურ რევაზიშვილთან და ლევან არჯევანიძესთან ერთად ფრაქცია „ძლიერი თელავის“ შექმნა გადაწყვიტა, რაზედაც საკრებულოს ხელმძღვანელობისგან უარი მიიღო.

„მაშინდელი გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის ხუშტური იყო, რომ საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია არ უნდა შექმნილიყო“, - აცხადებს ვარდოშვილი.

ნიკოლოზ ვარდოშვილმა საკრებულოს გადაწყვეტილება თელავის სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო და საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაცია დაავალა. თელავის საკრებულომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. საკრებულომ უზენაეს სასამართლოს მიმართა, რომელმაც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო.

თითქმის ორწლიანი დავის შემდეგ საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ფრაქციის რეგისტრაცია შეძლეს. ნიკოლოზ ვარდოშვილი ფრაქციის თავმჯდომარის უფლებამოსილებას 2016 წლის აპრილიდან 2017 წლის 8 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ახორციელებდა. ამავე პერიოდში მან საკრებულოსგან იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარედ მუშაობის შედეგად უნდა მიეღო. თელავის სასამართლოს მოსამართლე ნინო კორძაძემ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა, რაც დღევანდელი გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნიკოლოზ ვარდოშვილის სასარგებლოდ, იძულებით განაცდური ხელფასის გადახდა დააკისრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]