weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა

22:45 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017

„1918 წელს, ჩვენმა წინაპრებმა, როგორც კი მათ მიეცათ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესაძლებლობა, შექმნეს პირველი ქართული რესპუბლიკა. რესპუბლიკა, რომელმაც მხოლოდ სამი წელი იარსება, მაგრამ რესპუბლიკა, რომელმაც მაშინ აბსოლუტურად მოწინავე იდეებზე, მოწინავე ფორმით დაიწყო არსებობა. მომავალ წელს, მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ას წელს ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, მე ვაცხადებ თავისუფლების წლად“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

ერთობლივი საახალწლო მიღების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საექსპოზიციო დერეფანი - საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" დაათვალიერებინა, რომელზეც წარმოდგენილი იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ფოტომასალა.

"საქართველო იყო ერთერთი პირველი იმ ათ ქვეყანას შორის, სადაც არჩევნები საყოველთაო ხმის უფლებით და გენდერული თანასწორობის დაცვით ჩატარდა. ჩვენ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, ჩვენ შევქმენით დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი და მთელი ის მაღალი სტანდარტები, რაც მაშინაც კი, დებატების საგანი იყო ევროპაში: ეს არის სიკვდილით დასჯის გაუქმება, პატიმართა უფლებები და სხვა ადამიანის უფლებები.

შემდეგ იყო 70 წლიანი ოკუპაცია და ჩვენი გალერეა სწორედ ამას ეძღვნება, რომ თქვენ ნახოთ, ამ 70 წლის განმავლობაში არცერთ ეტაპზე საქართველო ბოლომდე არ იყო დაპყრობილი, იმიტომ რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ურთულეს პირობებში, ტოტალიტარულ სახელმწიფოში, სწორედ პიროვნული გმირობის, პიროვნული ნაბიჯების ხარჯზე იცავდნენ დამოუკიდებელი საქართველოს იდეას.

თქვენ ნახავთ ასევე როგორ გვეხმარებოდნენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და აქ სწორედ ამ გალერეაში წარმოდგენილია ის ევროპული მისიები, ან ის ევროპული დახმარება, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეას ემსახურებოდნენ.

და სწორედ 25- 26 წლის წინ, როდესაც ჩვენ აღვიდგინეთ ჩვენი დაკარგული დამოუკიდებლობა, ასევე ძალიან ნათლად, ყველა ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ აცხადებდა იმ პრიორიტეტს, რომელსაც უკვეთავდა ყოველგვარი კითხვის გარეშე ჩვენი საზოგადოება ჩვენს პოლიტიკოსებს.

ეს პრიორიტეტები იყო: თავისუფლება, ევროპულ ღირებულებებზე დამყარებული სახელმწიფოს შექმნა, ევროკავშირში გაერთიანება, როგორც იმ ერთა ოჯახში, რომელიც ყველაზე ადეკვატურია ჩვენი კულტურისა და ჩვენი წარსულისთვის.

ბუნებრივია, დღეს ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, ძალიან ნათლად ვამბობთ, რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირი და ნატოა, ჩვენ ამ არჩევანისთვის ვიხდით ძალიან პრინციპულ საფასურს: იქნება ეს გაჭირვება, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა გაიარეს, ის ათასი, ათიათასობით ლტოლვილი და დევნილი, თუ იქნება ეს ჩვენი გმირი ჯარისკაცების სისხლი, რომელიც გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის არის გაღებული.

ჩვენ ამ ღირებულებებით ვცხოვრობთ და დიპლომატიურ კორპუსს მინდა მადლობა ვუთხრა, რომ ამ ღირებულებებს ჩვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის განმტკიცებისთვის ემსახურებით და ეხმარებით.

ჩვენი ახალი დამოუკიდებლობა 1918 წელს დაიწყო, ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ ეს არის ის სვლა, რომელსაც ნებისმიერი ერი ახორციელებს და რომლის ხარისხითაც იზომება ნებისმიერი ცივილიზაცია, სახელმწიფო თუ საზოგადოება.

ჩვენი მიზანი დამოუკიდებლობის თავისუფლებად ქცევაა. თავისუფლების მისაღწევად ჩვენ უნდა კიდევ უფრო გავაღრმაოთ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი, კიდევ უფრო მეტად ერთიანი, ინკლუზიური, ჰომოგენური და მომავალზე ორიენტირებული საზოგადოება შევქმნათ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]