weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა

12:30 შაბათი, 30 დეკემბერი 2017

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სპეცრაზმის მიერ თავის არეში დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

„პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება. ჩატარებული კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ნაწილობრივ მთელი რიგი პარამეტრები გაუარესებულია. ზოგიერთი მათგანი გამოსწორდა, თუმცა მთლიანობაში მდგომარეობა ნაწილობრივ გაუარესდა. სამწუხაროდ, პროგნოზებზე არაფრის თქმა არ შემიძლია. თუ გადაწყვეტს ოჯახი უცხოეთიდან სპეციალისტის მოწვევას, ჩვენ მის მისაღებად მზად ვართ. გადავცემთ ყველანაირ დოკუმენტაციას, გავაცნობთ ყველა დეტალს. თუ კიდევ რამე დამატებით იქნება საჭირო, კლინიკა ყველა დეტალს განიხილავს“, - განაცხადა საავადმყოფოს ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ის თელავიდან რეფერალური საავადმყოფოდან 28 დეკემბერს გადაიყვანეს.

„ამ ექიმების იმედიც მაქვს, მაგრამ დამატებით მინდა, ამათაც უნდათ, რომ იქნებ სხვა სპეციალისტი გამოჩნდეს, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს. უნდა გადავარჩინოთ ჩვენ, ყველამ, მეც საქართველოს შვილი ვარ. ისიც საქართველოს შვილია“, - ამბობს დაჭრილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობასა და თბილისში სპეცოპერაცია 26 დეკემბერს ჩაატარა. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერის ნინო გიორგობიანის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე ესროლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი უარყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ახალგაზრდას მისივე საძინებელ ოთახში შესვლისთანავე, მძინარეს ესროლეს. ოჯახი დაჭრის ფაქტის ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. ამ მოთხოვნით პანკისის ხეობაში ხალხმრავალი საპროტესტო აქციაც გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]