weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ზუგდიდში სოფლებისა და ქუჩების საბჭოთა სახელწოდებების შეცვლას ითხოვენ

11:48 ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“ ზუგდიდის საკრებულოს მოუწოდებს შეცვალოს სოფლებისა და ქუჩების საბჭოთა სახელწოდებები. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი არ ასრულებს „თავისუფლების ქარტიით“ დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც ერთ-ერთ მიზნად სწორედ ქუჩების, მოედნების, სოფლების, დაბების კომუნისტური სახელწოდებების აღმოფხვრას ისახავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს ინფორმაციას ზუგდიდში არსებული იმ ქუჩებისა და სოფლების შესახებ, რომლებიც დღემდე საბჭოთა, კომუნისტურ სახელებს ატარებს.

ლავრენტი ბერიას ქუჩა - ბერია 1920-იან წლებში იყო საქართველოს სსრ-ს და ამიერკავკასიის სფსრ-ს უშიშროების აპარატის მაღალჩინოსანი და ხელმძღვანელი, 1930-იან წლებში საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანი, 1938 წლიდან საკავშირო შსს მინისტრი. ხელმძღვანელობდა მასობრივ ტერორს საქართველოში.

ივანე ვნუკოვის ქუჩა - ვნუკოვი იყო საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი, 1920-იან წლებში მონაწილეობდა შუა აზიაში ანტი-საბჭოთა მოძრაობის ჩახშობაში, 1939 წელს იბრძოდა ფინეთში. გარდაიცვალა ზუგდიდში 1988 წელს და ზუგდიდშივეა დაკრძალული. სავარაუდოდ ამიტომაც ატარებს მის სახელს ერთ-ერთი ქუჩა.

ნიკოლოზ ოსტროვსკის ქუჩა - ოსტროვსკი იყო  საბჭოთა მწერალი, წიგნის „როგორ იწრთობოდა ფოლადი“ ავტორი, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მხარდამჭერი და იდეოლოგი.

ვასილ კიკვიძის ქუჩა - კიკვიძე იყო საბჭოთა სამხედრო, ახალგაზრდობაში სოციალისტ-რევოლოციონერთა  (ესერთა) ტერორისტული რაზმის წევრი, რუსეთში, ე.წ. წითელარმიელებსა და თეთრგვარდიელებს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომში გამოირჩეოდა სისატიკით მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

ზუგდიდში ასევე არის ოთხი ქუჩა, რომლებიც ატარებენ რუსეთის ქალაქების სახელებს, კერძოდ: სანკტ-პეტერბურგის (ყოფილი ლენინგრადის) ქუჩა, მოსკოვის ქუჩა, კრასნოდარის ქუჩა და ვოლგოგრადის ქუჩა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე ქუჩას აღნიშნული სახელი საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში მიენიჭა.

სოფელი კიროვი - აღნიშნული სოფელი ატარებს საბჭოთა და კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნის სერგეი კიროვის სახელს. კიროვი იყო ჩრდილო კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მონაწილეობდა 1920 წელს აზერბაიჯანის, შემდგომ საქართველოს ოკუპაციაში. სოფლის ძველი, ისტორიული სახელწოდება კი არის „მერე“.

სოფელი ოქტომბერი - სოფელს აღნიშნული სახელი 1917 წლის ე.წ. ოქტომბრის რევულუციის/გადატრიალებასთან დაკავშირებით დაერქვა, მისი ძველი, ისტორიული სახელწოდება კი არის „ცაიშიშ კახათი“.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წელს მიღებული კანონი „თავისუფლების ქარტია“ და საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილება „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, თვითმმართველ ერთეულებს ავალდებულებს შეცვალონ გეოგრაფიული ობიექტების საბჭოთა ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]