weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თუშეთის გზა შესაძლოა ივნისის შუა რიცხვებამდე ვერ გაიხსნას

13:18 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

თუშეთთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე არსებული მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ბოლო კვირის განმავლობაში, მცოცავი ქანები გააქტიურდა და დაახლოებით 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასები ჩამოიშალა.

თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა იყო მოწყვეტილი, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. მეწყრული მოვლენები თუშეთში ახლაც მიმდინარეობს.

მდინარე ალაზნის შეგუბების შედეგად წარმოიქმნა 10 მეტრის სიღრმისა და 300 მეტრი სიგრძის ტბა, რომელმაც სტიქიის ადგილამდე მისასვლელი გზა დატბორა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განცხადებით, ამინდის გაუმჯობესებისთანავე, 20 კაციანი ჯგუფი დაიწყებს მუშაობას სტიქიური მოვლენის ადგილას და წარმოადგენს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას, რის შემდეგაც გზების დეპარტამენტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გააგრძელებს.

გზების დეპარტამენტი მოსახლეობას და თუშეთში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებს, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრამდე გზის საფარი თოვლისგან თავისუფალია, თუმცა, მიუხედავად ამისა, სტიქიის ზონის სიახლოვეს არის ინტენსიური ქვათა ცვენა და დაუშვებელია როგორც ფეხით, ასევე ავტომანქანით გადაადგილება.

შეგახსენებთ, 14 მაისს, აბანოს უღელტეხილს იქით ზვავი ჩამოწვა და ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა შესაძლოა ივნისის შუა რიცხვებამდე ვერ გაიხსნას, რაც თუშეთში საოჯახო სასტუმროებს და ტურიზმის მიმართულებით მოქმედ სხვა სერვისებს მიშვნელოვნად დააზარალებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]