weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

მშენებლებმა მთიულების პროტესტის გამო სამუშაოების შესრულებაზე უარი თქვეს

14:27 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

მთიულეთში, ხანდოს ხევში ადგილობრივი მცხოვრებლების პროტესტის გამო ერთ–ერთი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებსაც მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობისას მთაზე დაზიანებული ადგილების გამაგრებითი სამუშაოები უნდა დაეგეგმათ და ჩაეტარებინათ, სამუშაოების შესრულებაზე უარი თქვეს.

„როცა გადაწყვეტთ პრობლემას და მზად იქნებით, მაშინ მოვალ და გავაკეთებ“, – მიმართა კომპანიის წარმომადგენელმა კალმახელიძემ ადგილზე შეკრებილ ხანდოს ხევის მცხოვრებლებს, პოლიციელებსა და მაღალი ძაბვის ხაზის მშენებელი კომპანია „ენერგოტრანსის“ წარმომადგენლებს.

პოლიციელების მიმართვაზე რომ პრობლემას ვერავინ შეუქმნიდა, შესულიყო და ემუშავა, კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა: „მე აქ ადგილობრივ მოსახლეობასთან საჩხუბრად არ მოვსულვარ, ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, ქართველი კაცი ვარ. შენ შენი სამსახური გაქვს, მე ჩემი. მე იმ კომპანიის წარმომადგენელი ვარ, რომელიც მსგავსი ტიპის პრობლემებს აგვარებს, მაგრამ მე რომ ადგილობრივ ხალხთან ჩხუბი დავიწყო, არ არსებობს. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, თქვენი საქმის თქვენ იცით. როცა შეთანხმდებით და იქნება თანხმობა რომ ვნახოთ ტერიტორია, ტექნიკური სამუშაოები დავგეგმოთ და პრობლემა მოვაგვაროთ, მაშინ შემიძლია მოსვლა, მაგრამ ჩხუბში ვერ ჩავერთვები“, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

ხანდოს ხევში დღეს დილიდან ადგილობრივი მცხოვრებლები არიან შეკრებილები. ისინი აპროტესტებენ, რომ ენერგეტიკის მინისტრთან 16 მაისს გამართული შეხვედრის დროს, მინისტრისგან მიღებული პირობის მიუხედავად, რომ მთიულეთში მის ჩასვლამდე და სადავო საკითხების სრულად შესწავლამდე სამუშაოები გაჩერდებოდა, მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობა მაინც მიმდინარეობს.

მთიულებთან ერთად რუსეთის ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობას მოხევეებიც აპროტესტებენ. ადგილობრივებს პრეტენზიები აქვთ იმის გამო, რომ მაღალი ძაბვის, 500 კილოვოლტიანი ხაზი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს გადის, ზოგიერთ ადგილზე, რამდენიმე მეტრში, ასევე ანძების დადგმა ხდება სასაფლაოების ტერიტორიაზე, რის გამოც ძველი საფლავები შესაძლოა დაზიანდეს ან განადგურდეს. პროტესტის მიზეზი ისიც არის რომ, მშენებლობის გამო ეროზირებულ მთებზე გზებს ჭრიან, ხეებს ანადგურებენ, რაც სოფლებში, საცხოვრებელი სახლების ზემოთ მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას შეუწყობს ხელს. ადგილობრივების მოთხოვნებსა და პროტესტს ხელისუფლება პოლიციით და სპეცრაზმით პასუხობს.

მთიულებისა და მოხევეების პროტესტს საქართველოს კათოლიკო პატრიარქიც გამოეხმაურა. პატრიარქი ილია მეორე ხელისუფლებას მოუწოდებს, მოსახლეობის მოთხოვნებზე შემხვედრი ნაბიჯები გადადგას და სადაც შესაძლებელია, ხაზის გასაყვანად ალტერნატიული მარშრუტები შემუშავდეს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]