weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

შსს ბოლო ერთ კვირაში გახსნილი საქმეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

12:52 პარასკევი, 16 თებერვალი 2018

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, დავით ლაცაბიძის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 8 პირი, გახსნილია ყაჩაღობის 5 და ქურდობის 8 საქმე.

რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცველებმა ირანის რესპუბლიკის ოთხი მოქალაქე თბილისში დააკავეს, მათგან 1.5 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და დიდი ოდენობით „მეტადონი“ ამოიღეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალება ირანიდან საქართველოში შემოიტანეს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 13 პირი მათ შორის - 6 ნარკორეალიზატორი, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. მათი უკანონო საქმიანობის გამოვლენის და დაკავების მიზნით თბილისში, ფონიჭალაში, გარდაბანსა და მარნეულში სპეციალური ოპერაციები ჩატარდა. შედეგად, ამოღებულია 1,5 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი“, 81 აბი „მდმა“, 50 ფირფიტა ე.წ. „ბიო“ და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

სამართალდამცავებმა ბოლო თვის განმავლობაში, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 8 პირი დაკავეს. სამართალდამცველებს კონტროლზე ჰყავთ აყვანილი ყველა პირი, რომელსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს ორგანიზებულ დანაშაულთან.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითქოსდა უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე პ.უ. არის ქურდული სამყაროს წევრი, არის მცდარი. სამართალდამცველებთან გასაუბრების შედეგად, მან თავად განაცხადა, რომ არ არის ე.წ. კანონიერი ქურდი. ამ კონკრეტულმა პირმა უკვე დატოვა საქართველო.

თბილისში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, იმერეთსა და გურიაში ყაჩაღობის 5 ფაქტი გაიხსნა. გარდა ამისა, იმერეთში გახსნილია ჯგუფური ყაჩაღობის 1 ფაქტი და ყაჩაღობის მომზადების 1 ფაქტი. დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი, რომლებიც ფულისა და ძვირფასეულობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქუთაისში საცხოვრებელ სახლში შეჭრას და ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია: ნიღბები, გადაჭრილი თოფი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები. გამოძიება ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილია ქურდობის ფაქტები და ქურდობის 8 ფაქტზე დაკავებულია 9 პირი, კერძოდ: იმერეთში - 2, აჭარაში - 2, ხოლო შიდა ქართლში - 5. იმერეთში კი პოლიციამ ქურდობის ერთი ფაქტი აღკვეთა და 3 პირი მაშინ დააკავა, როდესაც ისინი ბინიდან ნივთების მოპარვას ცდილობდნენ. თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძარცვის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. აჭარაში ქურდობისთვის დაკავებულ ორ პირს ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლების ქურდობის არაერთ ფაქტში ედებათ ბრალი.

სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით, თბილისში, სომხეთის 2 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები რკინიგზის სადგურზე არსებული „ოქროს ბირჟის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყალბ ოქროს ზოდებს ყიდდნენ. პოლიციამ აღნიშნული პირები მაშინ დააკავა, როდესაც ისინი სხვადასხვა მეტალის შემცველ ნაკეთობებს უმაღლესი სინჯის მქონე, 100 გრამიან ოქროს ზოდებად ასაღებდნენ და მის რეალიზებას მოტყუებით ცდილობდნენ. ერთი ზოდის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარზე მეტს შეადგენდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ყალბი ოქროს ერთი ზოდი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]