weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ლანჩხუთის გამგებელი საკუთარ ავტომანქანას ბიუჯეტის ხარჯით ინახავდა

15:21 ორშაბათი, 19 თებერვალი 2018

ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ სამსახურებრივ ავტომანქანაზე უარი თქვა, რის შემდეგაც გამგეობამ ბიუჯეტის ხარჯზე იჯარით იქირავა 2 კერძო ავტომანქანა, საიდანაც ერთი პირადად გამგებლის საკუთრება იყო, მეორე კი მის მამას - ილია ურუშაძეს ეკუთვნოდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2018 წლის 16 თებერვალს გამოქვეყნებული დასკვნით, 2015-2016 წლებში, ბალანსზე რიცხული ავტომანქანების გარდა, ლანჩხუთის გამგეობას იჯარით ჰქონდა ნაქირავები 2 კერძო ავტომანქანა. მათ შორის, ერთ-ერთი ავტომობილი პირადად გამგებლის საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო მეორე გამგებლის მამას - ილია ურუშაძეს ეკუთვნოდა. იჯარის ხელშეკრულებების თანახმად, გამგეობა უზრუნველყოფდა ავტომანქანების მოვლა-პატრონობის ხარჯებს. 

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამგებლის კუთვნილი ავტომანქანა Volkswagen Passat-ისთვის 2016 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით არ ფიქსირდება საწვავის გამოყენება, თუმცა ამავე პერიოდში ავტომანქანაზე ბიუჯეტის ხარჯით შეცვლილია საბურავები, გამოცვლილია ზეთი, ანტიფრიზი და სხვ. შესაბამისად, შესაძლოა საბიუჯეტო თანხა ისე დაიხარჯა, რომ ავტომანქანის გამოიყენება არ მომხდარა მუნიციპალიტეტის საჭიროებებისთვის. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებით დაირღვა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნა, რომელიც თანამდებობის პირს უკრძალავს ქონებრივი გარიგების დადებას იმ საჯარო დაწესებულებასთან, სადაც მას თანამდებობა უკავია. 

აუდიტის მასალების თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 2015 წელს ბალანსზე ერიცხებოდა 7 ავტომანქანა, 2016 წელს კი 8 ავტომანქანა, რაც მთავრობის მიერ რეკომენდებულ ზღვრულ რაოდენობას აღემატებოდა. აღნიშნული ავტომანქანების მოვლა-შენახვისათვის ორი წლის განმავლობაში დაიხარჯა 172 100 ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]