weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

16 წლის გოგონა, რომელიც მარნეულში ცოტა ხნის წინ დაინიშნა, მშობლებს სკოლიდან გაჰყავთ

15:15 სამშაბათი, 20 თებერვალი 2018

მარნეულში მცხოვრები 16 წლის გოგონა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა, სკოლის მიტოვებას აპირებს. მისმა მშობლებმა სკოლის დირექტორს შესაბამისი განცხადებით მიმართეს.

სათემო რადიო „მარნეულთან“ სკოლის დირექტორი ქეთევან მერაბიშვილი ამბობს, რომ გოგონას სკოლიდან გაყვანის მიზეზი მშობლებს წერილობით არ განუმარტავთ.

„გოგონას დედამ პირადად მითხრა, რომ დაიღალა სამართალდამცავებთან, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრებით. ამბობს, რომ უკეთესია, თუ ბავშვს სკოლიდან გაიყვანს. მშობლების განცხადება დავიტოვე და მოსაფიქრებლად დამატებითი დრო მივეცი“, – უთხრა დირექტორმა „რეგინფოს“.

მოსწავლის დანიშვნის შესახებ ქეთევან მერაბიშვილმა დაახლოებით ორი კვირის წინ შეიტყო, რის შემდეგაც სოციალური მომსახურების სააგენტოს და სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიმართა. მოსწავლის ოჯახში მისულ სოციალურ მუშაკს უთხრეს, რომ გოგონა მხოლოდ დანიშნეს, ქორწინება კი მას შემდეგ არის დაგეგმილი, რაც ის სრულწლოვანი გახდება.

მარნეულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან მერაბიშვილი ამბობს, რომ ბოლო ოთხ წელში, რაც ის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს, ქორწინების მიზეზით სკოლა არცერთ მოსწავლეს არ მიუტოვებია.

საქართველოს სახალხო დამცველი 2016 წლის სპეციალურ ანგარიშში „ადრეულ ასაკში ქორწინება: გამოწვევები და გადაჭრის გზები“ აღნიშნავს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება საქართველოში მწვავე პრობლემაა. გავრცელებულია როგორც ქორწინების იძულების, ასევე ნიშნობების პრაქტიკაც. ქორწინების მიზნით, არასრულწლოვანი პირები ხშირად ტოვებენ განათლების მიღებას. სახალხო დამცველის შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია საბაზო საფეხურის დასრულებამდე სკოლის დატოვების ფაქტები. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს, ოჯახის შექმნის მიზეზით, სწავლა 13–დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა, ხოლო 168 შემთხვევაში, სწავლას თავი 18 წელს მიღწეულმა პირმა დაანება. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2016 წელს, საბაზო საფეხურის (9 კლასი) დასრულებამდე დაოჯახების მიზეზით სკოლა 40-მა მოსწავლემ მიატოვა, 9 კლასის დასრულების შემდეგ კი 259-მა მოსწავლემ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. ადრე მოქმედი წესი, რომლის თანახმადაც მშობლების თანხმობით დაიშვებოდა 16 წელს მიღწეული პირების ქორწინება, 2016 წლის 1 იანვრიდან გაუქმებულია. ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისთვის, 2014 წელს სისხლის სამართლის კოდექსს 150.1 მუხლი - ქორწინების იძულება დაემატა, რომელიც 2015 წლის 1 აპრილიდან შევიდა ძალაში. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ქორწინების (მათ შორის არარეგისტრირებული) იძულებისთვის, ხოლო მე-2 ნაწილით პასუხისმგებლობა მძიმდება თუ იგივე ქმედება, ჩადენილია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ეს ქმედება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენისას კი 2-დან 4 წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]