weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სვანეთში ჰესების მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით მესტიაში აქცია გაიმართა

12:35 ორშაბათი, 05 მარტი 2018

მესტიაში საპროტესტო აქცია გაიმართა სვანეთში ჰესების მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით. აქციის მონაწილეებმა ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, სახალხო დამცველის, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სახელზე. ადგილობრივები ითხოვენ, მათთან შეთანხმების გარეშე სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აიკრძალოს.

„სვანეთის გამორჩეულად მშვენიერი, ბრწყინვალე ბუნების დაცვა და პატრონობა ჩვენი ერთ-ერთი უმაღლესი მოვალეობაა. აქედან გამომდინარე, საშვილიშვილოდ ვკრძალავთ სვანეთში ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც ხელყოფს, აზიანებს, ასახიჩრებს, ანგრევს და აპარტახებს სვანეთის უნიკალურ ბუნებას. კატეგორიულად და საბოლოოდ ვკრძალავთ მთელ სვანეთში ჰესების მშენებლობას, ოქროს წარმოებას და ბუნებისთვის, ადამიანის საცხოვრისისთვის, მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისთვის მავნებელი, საზიანო და დამანგრეველი სამუშაოების ჩატარებას. ამიერიდან სვანეთში ჰესები აღარ აშენდება, მათ შორის ხუდონ ჰესი, ნენსკრა ჰესი, მესტიაჭალა ჰესი და ზემო სვანეთში დაგეგმილი სხვა 50-ზე მეტი ჰესი“, - აღნიშნულია მიმართვაში, რომელიც აქციაზე გიორგი ხვისტანმა წაიკითხა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მანანა საღლიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ჰესების მშენებლობა მაინც გაგრძელდა, მოსახლეობა საავტომობილო გზას გადაკეტავს და მძიმე ტექნიკას მესტიის მუნიციპალიტეტში არ შეუშვებს: „გზა არ გადაიკეტება არც სვანეთის მცხოვრებლებისთვის, არც სტუმრებისთვის. გადაიკეტება კომპანიის მანქანებისთვის, რომლებსაც არ გავატარებთ, მშნებლობას ვერ დაიწყებენ. ერთხელ და სამუდამოდ ვამბობთ - არა ჰესებს“.

აქციის დაწყებამდე კვირას მესტიაში სამართალდამცავების მობილიზება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, პროტესტის მიუხედავად „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებელი კომპანია „სვანეთი ჰიდრო“დღეს ტექნიკის შეყვანას და მშენებლობის გაგრძელებას გეგმავს.

მესტიაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები პერიოდულად იმართება. დეკემბერში ადგილობრივებმა მესტიაჭალა ჰესისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მათი თქმით, მესტიაჭალა ღვარცოფული მდინარეა და მისმა დაგუბებამ და მილში მოქცევამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ადგილობრივების საცხოვრებელ გარემოსა და სიცოცხლეს.

რაც შეეხება ნენსკრა ჰესს, იანვრის ბოლოს,კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ობიექტის მშენებლობისთვის 214 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი დაუმტკიცა. პროექტის განხორციელება წელს უნდა დაიწყოს. მისი ჯამური ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]