weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დმანისში 16 ჰა მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონის გაუქმებას ითხოვენ

17:24 ოთხშაბათი, 14 მარტი 2018

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა წერილობით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, გაუქმდეს სოფელ დიდ დმანისში, შპს RMG Gold-ის საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაზე გამოცხადებული აუქციონი.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, დიდ დმანისში ტერიტორიების გასხვისების პროცესი გამჭვირვალე არ არის და დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.

„ეს არის ჩუქება იმ კომპანიისთვის, რომელიც საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებს, არ ახდენს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელსაც გარემოს აყენებს თავისი საქმიანობის ფარგლებში. ეჭვიგვაქვს, რომ RMG Gold-ი იქ უკვე აწარმოებს სამუშაოებს, რაც დაუშვებელია. აუქციონის პროცესი იღებს მხოლოდ და მხოლოდ ფორმას, რომლითაც კანონიერი უნდა გახდეს ის უკანონო მოქმედებები, რაც იქ ხდება“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

„მითითებული ქონების ათწლიან სარგებლობაში იჯარით გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დახურულ კარს მიღმა, რაც მნიშვნელოვანი შეშფოთების საფუძველია. აუქციონის პირობებში განსაზღვრული არ არისმოიჯარეს კონკრეტულად რა ფორმით შეეძლება აღნიშნული მიწის ნაკვეთით და იქ არსებული ტყის რესურსით თუ წიაღისეულით სარგებლობა.

ჩვენ ეჭვებს, რომ აღნიშნული ტერიტორიის სარგებლობაში გადაცემის მიზანია კომპანია RMG Gold-ს სამართლებრივად დაუდასტურონ მის მიერ უკვე მისი სარგებლობის გარეთ მყოფ ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების მიზნით დაწყებული სამუშაოები, ამყარებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 თებერვლის N07/782 წერილი, რომელშიც მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი აღნიშნავს: „აღნიშნული ტერიტორია არ წარმოადგენს საერთო სარგებლობის სივრცეს, ტერიტორიით ფაქტობრივად არ სარგებლობენ დმანისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები, რადგან ზემოთ აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ (უძრავი ქონების ირგვლივ) შპს RMG Gold-ი აწარმოებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს, ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლა ფაქტობრივად შეუძლებელია სპეციალური საშვის გარეშე (ტერიტორია ფაქტობრივად არის წიაღით სარგებლობის უბანი - სამთო მინაკუთვნის არეალი)“.

შესაბამისად, კომპანია RMG Gold-ს ტერიტორია უკვე აქვს ფაქტობრივ ფლობაში და აუქციონის გამოცხადებაც, ფაქტობრივად გვიდასტურებს იმას, რომ თითქმის უფასოდ (15 000 ლარი) 16.2 ჰა ტყის ტერიტორია გადაეცემა კომპანიას, რომელიც წიაღისეულის მოპოვებას ახორციელებს კანონმდებლობის დარღვევით, ღია კარიერული წესით, ანადგურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას“, - ნათქვამია მიმართვაში.

განცხადებას ხელს აწერენ „ახალი მემარჯვენეები“, „ახალი საქართველო“, „ევროპული დემოკრატები“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „თავისუფალი საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „რესპუბლიკური პარტია“, „სამოქალაქო ალიანსი თვისუფლებისათვის“ და „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“.

იმ შემთხვევაში, თუ მათი განცხადება არ დაკმაყოფილდება, შესაძლოა შეიქმნას დმანისის გადარჩენის ფონდი, რომლის მიზანი შემოწირულობით მიღებული თანხებით აუქციონზე გატანილი ტერიტორიის ყიდვა იქნება.

დღესვე განცხადება გაავრცელა RMG Gold-მა. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე წიაღის მოპოვება არ იგეგმება: „ამ აუქციონზე გამოტანილ 16 ჰა მიწის ნაკვეთზე კომპანია ამ ეტაპზე არავითარ სამუშაოებს არ აწარმოებს; კომპანიას აღნიშნული ტერიტორია ესაჭიროება სანაყაროების მოსაწყობად (ფუჭი ქანის განსათავსებლად); კომპანიას შესწავლილი აქვს აღნიშნული ტერიტორია და მიწის ნაკვეთი სასარგებლო წიაღისეულის კუთხით სტერილურია, რაც ნიშნავს, რომ ამ ნაკვეთზე არ არის სასარგებლო წიაღისეული; 16 ჰა მიწის ნაკვეთი ტყის ფონდში არ ირიცხება; ტერიტორია დაფარულია ბუჩქნარით და მცენარეებით, რომელიც არ შედის წითელი ნუსხაში; აუქციონზე გამოტანილი 16 ჰა მიწის ნაკვეთზე შესვლა და დათვალიერება შესაძლებელია ჩვენი კომპანიის საწარმოო ტერიტორიის გარდა სხვა ლოკაციებიდან და ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]