weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მეშახტეების დაღუპვის გამო ეკონომიკის მინისტრის გადადგომას ითხოვენ

14:45 პარასკევი, 06 აპრილი 2018

არასამთავრობო ორგანიზაციები ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 6 მაღაროელის გარდაცვალების გამო, ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ მინდელის შახტაში მომხდარის გამოძიება საკმარისი არ არის. მისივე თქმით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება არასდროს არის ეფექტური და საწარმოს პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება.

„იმ კომენტარებმა, რომელიც საწარმოს მხრიდან და სხვა აქტორებისგან ვრცელდებოდა, აჩვენა ის, რომ საწარმო ცდილობს, მომხდარი მთლიანად ბუნებრივ მოვლენებს დაუკავშიროს და ამით გამორიცხოს მისი პასუხისმგებლობა. მეორე მხრივ, აქცენტი კეთდება მხოლოდ გამოძიებაზე, რაც არის მნიშვნელოვანი, თუმცა, აქამდე ყველა შემთხვევა - შახტში დაღუპვა თუ დაშავება, გვარწმუნებს იმაში, რომ გამოძიება არასდროს არის ეფექტიანი და არასდროს არავინ ისჯება. მათ შორის, არასდროს დგება საწარმოს პასუხისმგებლობის საკითხი. ამდენად, გამოძიება, როგორი შედეგიც არ უნდა აჩვენოს მან, არ არის ერთადერთი გამოსავალი. მთავრობამ არა მხოლოდ უნდა გაიაზროს არსებული პოლიტიკა და თქვას, რომ ხვალიდან ეს ასე აღარ გაგრძელდება, არამედ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დადგეს პოლიტიკური გუნდის, მათ შორის ქუმსიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.

სტუდენტური ორგანიზაცია „აუდიტორია 115“ მიიჩნევს, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი და მისი უწყება წლებია აფერხებენ წინსვლას შრომითი უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით.

„ბუნებრივია, როდესაც ასეთი ტრაგედიები ხდება, ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და პირველი, ვინც ეს უნდა გააკეთოს, სწორედ, დიმიტრი ქუმსიშვილია“, – აღნიშნა „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელმა გიორგი არობელიძემ.

დღეს თბილისსა და ქუთაისში ტყიბულელი მეშახტეების მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორთა შორის „აუდიტორია 115“ და EMC-იც არიან. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომა იქნება.

5 აპრილს, დაახლოებით დილის 4 საათზე, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაღუპულები არიან 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სამთო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. მინდელის შახტაში მომხდარ შემთხვევას სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაც.

აღსანიშნავია, რომ მინდელის სახელობის შახტაში 2017 წლის მაისში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ოთხი მუშა დაიღუპა. იმავე წლის ოქტომბერში, შახტაში კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა. ის მიწისქვეშა სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც სამთო მასა ჩამოიშალა და ქვეშ მოიყოლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]