weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩვენს ჯარისკაცებზე ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებაა – გიორგი კვირიკაშვილი

14:45 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

30 აპრილი ქართული არმიის დღეა. შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 27-ე წლისთავი ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში აღნიშნეს, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.

კვირიკაშვილის განცხადებით, 27 წლის წინ, დღევანდელ დღეს, დამოუკიდებელმა საქართველომ თავისი პირველი ჯარისკაცები გაიწვია შეიარაღებულ ძალებში და ქართულმა ჯარმა გააგრძელა ის ტრადიცია, რომელსაც 1918 წელს, პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირობებში ჩაეყარა საფუძველი.

„ისევე, როგორც 100 წლის წინ, ქართველ ჯარისკაცებს ქვეყნის ერთიანობისთვის არაერთი ბრძოლის გადატანა მოუწიათ. სამშობლოს ერთგულება და მისთვის თავგანწირვა იყო ყოველთვის ის, რაც ჩვენს ჯარისკაცებს გმირებად აქცევდა. პატივი მინდა მივაგო საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, საქართველოს შეიარაღებული ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, ვინც პირნათლად იცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თქვენ ქართველი მებრძოლის მტკიცე და გაუტეხელი სულით ერთგულად ემსახურებით და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს.

დღევანდელ დღეს ვულოცავ საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე, მსოფლიოში მშვიდობისთვის მებრძოლ ჩვენს სამხედროებს, რომლებმაც ქართველი მეომრის სახელი თავდადებისა და გაუტეხელობის სიმბოლოდ აქციეს.

დღეს ჩვენ ვქმნით თანამედროვე და ძლიერ შეიარაღებულ ძალებს თანამედროვე სახელმწიფოსთვის. ქართული სახელმწიფოს ძლიერება დიდწილად არის დამოკიდებული ჯარის ძლიერებაზე. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვიწევენ. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება. ამერიკის გვერდში დგომა, ნამდვილად, უპრეცედენტოა. აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

თავდაცვის სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები მდგრადი და საიმედო თავდაცვის შესაძლებლობების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და დინამიკური ხდება. ამის ნათელი დასტურია 2016 წელს უმაღლეს დონეზე ხელმოწერილი მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ; ასევე უსაფრთხოების სფეროში სამწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება და ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შესახებ.

დღეს აქ წარმოდგენილია პირველი ქართული ქვედანაყოფი, რომელიც სწორედ GDRP-ის პროგრამის ფარგლებში მაისიდან დაიწყებს წვრთნებს. ეს გახლავთ სამწლიანი პროგრამა, რომელიც წელს დაიწყება და ჯამში 9 სამანევრო ბატალიონის გაწვრთნას ითვალისწინებს.

ამასთან ერთად მიმდინარეობს საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარებაც, რომელიც ქვედანაყოფების მომზადებასა და შეფასებას უზრუნველყოფს.

საქართველოს მთავრობა კი, თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებს, რომ ჩვენს სამხედროებს შეუქმნას ღირსეული პირობები. სამშობლოს ერთგულ შვილებზე, ჩვენს ჯარისკაცებზე ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებაა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ქართული არმიის დღე სამხედრო მოსამსახურეებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]