„ეს ფაქტი დამაზიანებელია პოლიციის რეპუტაციისთვის, რომელსაც ვფიქრობ ბევრად უმტკივნეულოდ შეეძლო მსგავსი ოპერაციის ჩატარება. თუ სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა ოპერატიული სამუშაოები, ამ 8 ადამიანის დაკავება ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას იყო შესაძლებელი, ისე, რომ ასეთი მღელვარება არ გამოეწვია ამ პროცესს. დაზარალდა ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთ პროგრესულ და თავისუფალ ქვეყანად იცნობენ“, - აღნიშნავს გვარჯალაძე.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, დღესაც არ აქვს პასუხები და კომუნიკაცია გუშინდელ ღამესთან დაკავშირებით. „ჩემი დაჟინებული რჩევაა, სასწრაფოდ მოხდეს გუშინდელი ღამის ოპერაციის დეტალური განმარტება, დაიწყოს დიალოგი, თუნდაც განსხვავებული პოზიციების მატარებელ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ადამიანებთან, რომლებიც დღესაც იბრძვიან თანამედროვე და თავისუფალი ქვეყნის მომავლისთვის.
ამ მოცემულობაში, ცხადია ღამის ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელად მიმაჩნია დღეს, თუ ეს წინააღმდეგობები არ გადავლახეთ“, - წერს სერგი გვარჯალაძე „ფეისბუქში“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში მდებარე ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. თვითმხილველების თქმით, ავტომატებით შეიარაღებული ათობით სპეცრაზმელი ღამის კლუბებში შევარდა და მოქალაქეების დაკავება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკების 8 რეალიზატორი.