შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველები გამოძიების ფარგლებში მოახდენენ კონკრეტული პირების გამოკითხვას და ჩატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება.
საქართველოს სახალხო დამცველი დღეს გამოეხმაურა „ქართული მარშისა“ და სხვა ნეონაცისტური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს და სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, 13 მაისს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კონტრდემონსტრანტების მხრიდან ადგილი ჰქონდა „ჩვენი თავისუფლებისთვის“ აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის მუქარას, ფიზიკურ ძალადობასა და სხვა ძალადობრივ მოწოდებებს. გავრცელდა ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის ოპერატორისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, ფიზიკური დაპირისპირებისა და მუქარის შესახებ. ასევე, ნეონაცისტური დაჯგუფების წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი იწყებენ სამოქალაქო გვარდიის რაზმების ჩამოყალიბებას.