weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

19:30 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის უშუალო ამსრულებლის ფ.გ.-ს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ მკვლელობაში დამხმარე ო.დ.-სთვის შეფარდებული სასჯელი - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, უცვლელი დატოვა.

მთავარი პროკურატურის ცნობით, სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ფ.გ., ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის რესპუბლიკის ყალბი პასპორტის გამოყენებით, ო.დ.-სთან ერთად ჩამოფრინდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მათ ხანგრძლივი ვადით იქირავეს ქ.თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ბინა, შეიძინეს სპეციალურად შერჩეული „ჰონდას“ მარკის მოპედი (სკუტერი), ჩაფხუტი, კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩის მქონე „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ კონსპირაციულად და სისტემატიურად აკონტროლებდნენ ბესარიონ ხარძიანის მოძრაობის მარშრუტს მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად.

2015 წლის 28 მარტს, შუადღის საათებში, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფ.გ. ფარულად უთვალთვალებდა, მივიდა თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. ფ.გ. მას შეჰყვა სადარბაზოში და „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან, ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთი საკონტროლო თავის არეში. იმავე დღეს, ფ.გ.-მ და ო.დ.-მ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, დატოვეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

„ფ.გ.-ს ბრალად წარდგენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა შეკვეთით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ო.დ.-ს - შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია კვალიფიკაციის ნაწილში და ბრალდებულებს 19 - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსჯავრდებულები ო. დ. და ფ. გ. მიმალვაში იმყოფებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]