weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

მაშველებმა თუშეთის გზაზე გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი წყლიდან ამოიღეს

10:01 ორშაბათი, 28 მაისი 2018

თუშეთის გზაზე, მდინარე ალაზანში დამხრჩვალი მამაკაცის ცხედარი წყლიდან დღეს, დილით ამოიღეს. სამართალდამცავებს ცხედარი გურჯაანში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონულ ცენტრში გადააქვთ.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე, სოფელ ხისომდე, სადაც მეწყრული პროცესების გამო მდინარე ალაზანია დაგუბებული, სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი ტარიელ სახოკია სატვირთო მანქანით წყალში 27 მაისს, საღამოს გადავარდა და დაიხრჩო. ტარიელ სახოკია თუშეთის გზის აღდგენით სამუშაოებზე იყო დასაქმებული. შემთხვევის დროს მას სატვირთო მანქანით ხრეში შეჰქონდა მდინარეში ხელოვნური მიწაყრილის გასაკეთებლად, რა დროსაც მიწაყრილი ჩაინგრა და სატვირთო წყალში გადავარდა. თვითმხილველებმა მძღოლის გადარჩენა ვერ შეძლეს. მანქანა დაახლოებით 10 მეტრის სიღრმის წყალში მთლიანად ჩაიძირა.

სამაშველო სამუშაოები წუხელ გვიან ღამით დაიწყო, თუმცა ხილვადობის გამო მალევე შეწყდა და დღეს, დილიდან გაგრძელდა. მაშველებმა სამძებრო სამუშაოების შედეგად მამაკაცს სატვირთო მანქანის კაბინაში მიაკვლიეს.

შინაგან საქმეთა სმაინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის, შპს „გერალის“ წარმომადგენლის ტარიელ წიკლაურის განცხადებით, გზის აღდგენითი სამუშაოები გაგრძელდება და თუშეთის გზა სავარაუდოდ 3 ივნისისთვის გაიხსნება.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე დიდი რაოდენობით კლდოვანი მასა გასულ წელს, ზამთარში მოწყდა, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი რამდენიმე ასეულ მეტრ სიგრძეზე დაფარა, მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა და დიდი რაოდენობით წყალი დაგუბდა. ამ პრობლემის გამო გასულ წელს თუშეთის გზა ერთი თვის დაგვიანებით გაიხსნა და მთელი სეზონის განმავლობაში (ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით) მოძრაობა სახიფათო იყო.

ვითარება წელს უფრო გართულდა. დაგუბებული ტერიტორიის ფართობი და წყლის სიღრმე გაიზარდა. მოწყვეტილი მთის ნაწილი ისევ შუაზეა გაჩერებული, ახალი გზა ხელოვნური ყრილებით კი ნახევრადმოწყვეტილი მთის ძირში გაჰყავთ.

ამ მონაკვეთზე საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლება შემოვლითი გზის გაჭრას გეგმავდა, თუმცა ტარიელ წიკლაურის თქმით, წელს არაფერი არ არის გათვალისწინებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]