weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ტყუილია, რომ ხელფასის გაზრდა მეტროს გაძვირების ხარჯზე მოვითხოვეთ – გაფიცული მემანქანეები

12:56 ორშაბათი, 04 ივნისი 2018
ფოტო: EMC ფოტო: EMC

მეტროპოლიტენის მემანქანეების თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება, რომლის მიხედვითაც მემანქანეები ხელფასების გაზრდას მეტროთი მგზავრობის გაძვირების ხარჯზე ითხოვდნენ. გაფიცულების განცხადებით, კახა კალაძე შეცდომაშია შეყვანილი, რის გამოც მემანქანეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს.

დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მემანქანეთა ხელფასები დარიცხვით შეადგენს 1400-1800 ლარს და გაცილებით მაღალია, ვიდრე პედაგოგების, სასწრაფოს დახმარების ექიმების, პატრულის თანამშრომლების, მეხანძრე-მაშველების და თავად მეტროს სხვა თანამშრომლების ხელფასები. თბილისის მერმა გაფიცვა შეაფასა როგორც შანტაჟი და უკანონო ქმედება. მისი თქმით, მემანქანეთა მოთხოვნა მათი სახელფასო სარგოს 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით, ნიშნავს მეტროს საფასურის ავტომატურ ზრდას, რასაც არ დაუშვებს. 

„როცა ამდენი ადამიანი გამოდის, აჩერებს მეტროს, რომელიც მთელი ქალაქის ხერხემალია და ესეთ დისკომფორტს უქმნის მოქალაქეებს, უნდა მოვიდეს ვინმე და დაელაპარაკოს. არ შეიძლება ესე იჯდეს და კამერების წინ ჰაერზე ისროლოს განცხადებები და ათასი ტყუილი და სიბინძურე, რომ ვითომ ჩვენ მოვითხოვეთ, ტრანსპორტის გაძვირების ხარჯზე გაგვზრდოდა ხელფასი. ეს სისულელეა. არ შეიძლება ესეთი რამის გაკეთება იმიტომ, რომ ჩვენც საზოგადოების წევრები ვართ, ჩვენი ოჯახის წევრებიც დადიან ამ ტრანსპორტით. მერმა თქვა – ბაღის მასწავლებელს 400 ლარი აქვს ხელფასი და 1100-ლარიანი ხელფასის გაზრდას როგორ ითხოვენო. სირცხვილია, 400 ლარი რომ აქვთ. ეს ჩვენი ბრალია? „მადლობა ნდობისთვისო“ რომ ამბობს, არჩევნების შემდეგ რა გააკეთა, ხომ შეიძლება ხელფასი იმ ადამიანებსაც მოემატოს“, - ამბობს მემანქანე დავით გაგუა ჟურნალისტებთან.

„ჩვენი ხელფასი თურმე ყოფილა 1400-დან 1800 ლარამდე. მემანქანის ხელფასი არის 1093 ლარი პლუს დანამატი 55 ლარი მავნე პირობებისთვის და ღამის მოცდენის საათები 31.60 ლარი, რაც გამოდის ხელზე ასაღები თანხა 1200 ლარამდე“, – ამბობენ მემანქანეები.

მეტროს თანამშრომელთა პროფესიული გაერთიანება „ერთობა 2013“ აცხადებს, რომ გაფიცვა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება. გაფიცული მემანქანეების თქმით, ისინი ყოველ წამს მზად არიან მერიასთან მოლაპარაკებების დასაწყებად.

თბილისის მეტროპოლიტენი, მემანქანეების გაფიცვის გამო, დღეს დილიდან გაჩერებულია. მგზავრები ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილებას ცდილობენ, თუმცა ხალხის დიდი ნაკადის გამო, ტრანსპორტი გადატვირთულია. თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ მემანქანეთა გაფიცვის პერიოდში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცვას 3 მაისიდან გეგმავდნენ, თუმცა სასამართლომ მათ ამის უფლება არ მისცა და გაფიცვა ერთი თვით გადაავადა. მოგვიანებით, იგივე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო საათებში მემანქანეთა გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვის თაობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]