weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

უხუცესთა კავშირი პანკისში დესტრუქციული ძალების თვითნებობის აღკვეთას ითხოვს

19:08 პარასკევი, 22 ივნისი 2018
ფოტო არქივიდან / უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი ფოტო არქივიდან / უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი

პანკისის უხუცესთა კავშირი, რამდენიმე დღის წინ, ხეობაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს და ითხოვს საჯარო განმარტებას - „რატომ იყვნენ საჯარო მოხელეები ჩართული ამ პროვოკაციაში, რომელიც შეიძლებოდა ცუდად დამთავრებულიყო პანკისისთვის და მთლიანობაში ქვეყნისთვის“.

„პანკისის მოსახლეობაში ღრმა შეშფოთება გამოიწვია რამადანის დღესასწაულზე ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის მომხდარმა ინციდენტმა. მართალია, დაპირისპირება მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ საზოგადოებაში დატოვა ეჭვი, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი საშიში პროვოკაცია, რომლის შედეგიც შეიძლებოდა ცუდად დამთავრებულიყო პანკისისთვის და მთლიანობაში ქვეყნისთვის. ამ დასკვნამდე მიგვიყვანა შემდეგმა გარემოებებმა:

პირველი - ორ ათეულ წელზე მეტია, რაც პანკისის ქისტ მოსახლეობაში ორი რელიგიური მიმდინარეობა არსებობს: ისტორიული, ტრადიციული მუსლიმური თემი და ახლადშემოტანილი სალაფიტური მიმდინარეობა. მათ შორის არსებობს მთელი რიგი უთანხმოებები როგორც რელიგიური, ისე ადათ-წესების კუთხით, მაგრამ არასოდეს ყოფილა მწვავე დაპირისპირება.

მეორე - სადღესასწაულოდ არენაზე გამოსულმა ახალგაზრდების ჯგუფმა დემონსტრაციულად გამოხატა ჩეჩნეთში არსებული ტრადიციული ისლამის პოლიტიკა: მანქანებზე აღმართეს ჩეჩნეთის დროშები, აჰმად-ჰაჯის ფოტოსურათები წარწერებით - „აჰმად-ჰაჯი სილა“ (აჰმად-ჰაჯი ძალა). ეს კოლონა იწყებს მოძრაობას პანკისის მთავარ გზაზე, სოფელ ბირკიანში შეხვდა სალაფიტების კოლონას და მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც შეიძლებოდა ფიზიკურ შეტაკებაშიც გადაზრდილიყო.

მესამე - პანკისის საზოგადოების გაოცება გამოიწვია, იმან რომ რამზან კადიროვის მხარდამჭერი ჯგუფის პანკისელი ორგანიზატორები არ ითვლებიან ტრადიციული ისლამის მიმდევრებად, ისინი უფრო სალაფიტებისკენ იხრებიან, პარასკევის ლოცვას სალაფიტების მეჩეთში აღავლენენ.

მეოთხე - ასევე გაუგებარია სალაფიტების პრეტენზიებიც ჩეჩნური დროშების მიმართ. მათ ხომ თავად უფრიალებთ არაბული დროშები, რაც ყველაზე უარესია, შავი დროშებიც ხშირად გამოუტანიათ ამა თუ იმ ღონისძიებაზე. მაშასადამე, ორივე მხარე შეგნებულად წავიდა პროვოკაციაზე. 

ორივე მხარემ უნდა იცოდეს, რომ მიზანშეწონილი არ არის უცხო სახელმწიფოს დროშების გამოფენა პანკისში, ამ ისედაც ფეთქებადსაშიშ რეგიონში, რომელიც მძლავრ სახელმწიფოთა სამიზნეა. მივმართავთ დესტრუქციული ძალებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ პანკისში ვერ განახორციელებენ ბოროტ ზრახვებს. 

მივმართვთ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, რომ მის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს მსგავსი დესტრუქციული ძალების თვითნებობების აღკვეთა. მაყურებლის როლში ყოფნა არსებულ სიტუაციას ვერ გამოასწორებს“, - ნათქვამია უხუცესთა კავშირის განცხადებაში.

15 ივნისს, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, პანკისის ხეობაში გამართულ მსვლელობაში მონაწილე რამდენიმე მანქანაზე ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტოები იყო გაკრული, მანქანებიდან კი სკანდირებდნენ „ახმადი ძლიერია“. ამ ფაქტმა ადგილობრივთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. იმავე დღეს ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ კადიროვის მხარდამჭერ აქციაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტის განმუხტვის და სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ხეობაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები შეიყვანეს, რომლებმაც ხეობა მალევე დატოვეს.

ხეობაში, ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მხარდამჭერი ჯგუფის ქმედებები დაგმო პანკისის სალაფიტური თემის იმამმაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]