weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ბრალდებული გულისხმობდა, რომ სმიტები მოკლეს უცხო პირებმა და არა უცხოელებმა - ადვოკატი

18:27 ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018

მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 წლის მალხაზ კობაურის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ხადის ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი ორმა უცხოელმა მოკლა, ადვოკატი განმარტავს. ალუდა ბუჩუკურის თქმით, ბრალდებული გულისხმობდა ორ მისთვის უცხო პირს და არა უცხოელებს.

სასამართლო სხდომაზე, სადაც ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, მალხაზ კობაურმა თქვა, რომ სმიტების ოჯახი ორმა „უცხოურმა მამაკაცმა“ დახოცა, მას კი დაემუქრნენ. ალუდა ბუჩუკურის თქმით, ნერვიულობის გამო მალხაზ კობაურმა სიტყვა შეცდომით წარმოთქვა. ამასთან, ადვოკატი არ აკონკრეტებს, ესაუბრა თუ არა მას ბრალდებული ამ ორი პირის შესახებ.

„ღელავს და განიცდის, რომ პატიმრობაშია. ამის გამო შეცდომა დაუშვა. ვფიქრობთ, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ბრალდების მხარე უნდა დაინტერესდეს და ბრალდებული გამოკითხოს. პროკურატურიდან ამ დროისთვის არავინ დაგვკავშირებია“, - უთხრა „რეგინფოს“ ადვოკატმა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, 4 ივლისს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა სანადირო თოფით, მეუღლისა და 4 წლის შვილის თანდასწრებით, დამიზნებით, ზურგისა და თავის არეში ესროლა რაიან სმიტს. ფაქტს წინ უძღოდა, რაიან სმიტის შენიშვნა ბრალდებულის მიმართ, თანნაქონ სანადირო თოფთან დაუდევარი მოპყრობის გამო.

ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მალხაზ კობაურმა თოფიდან ამოიღო გასროლილი მასრები და ჩაალაგა დამუხტული ვაზნები, ხოლო გარდაცვლილის მეუღლე ლორა სმიტი თავის გადასარჩენად გაიქცა ხევის მიმართულებით, რა დროსაც გადავარდა სიმაღლიდან და გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა ესროლა 4 წლის ბავშვს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე გასროლილი მასრები გადაყარა მდინარეში, შემდეგ რაიან სმიტის გვამიც გადააგდო მდინარეში, ხოლო არასრულწლოვნის ცხედარი, მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად გადამალა თოვლის ზვავის ქვეშ, ბუნებრივად წარმოშობილ მცირე ზომის ქვაბულში.

ბრალდებულმა მკვლელობის იარაღი - თოფი, დარჩენილ ვაზნებთან ერთად დუშეთის რაიონის სოფელ წკერეში, ე.წ. მილიონას მთაზე, ცხვრის სადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამალა.

სასამართლოს განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შერჩევისას, მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა.

მალხაზ კობაურს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2018 წლის 4 სექტემბერს 14:00 სააათზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]