weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საპროტესტო წარწერის გამო შსს რადიო „მოზაიკის“ დირექტორის დაჯარიმებას ითხოვს

17:49 სამშაბათი, 31 ივლისი 2018
ფოტოზე გვანცა დოლუაშვილი ფოტოზე გვანცა დოლუაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სათემო რადიო „მოზაიკის“ დირექტორსა და მთავარ რედაქტორს, გვანცა დოლუაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს. გორის ცენტრში, ტროტუარზე გაკეთებული წარწერის, „მკვლელი ქუჩაშია“, ავტორად შსს გვანცა დოლუაშვილს მიიჩნევს და ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო მის 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

რადიო „მოზაიკის“ ინფორმაციით, გორის ქუჩებში წარწერები „მკვლელი ქუჩაშია“, „მოკლულია 2 მოსწავლე“ და „სამართალი სად არის?!“ ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში გამოჩნდა. ამით მისი ავტორები თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდნენ. წარწერების გაკეთებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ, გვანცა დოლუაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციული წარმოება მის წინააღმდეგ შსს-მ მხოლოდ სამი პოლიციელის ჩვენების საფუძველზე დაიწყო. საქმეში არ დევს სხვა ფოტო, ვიდეო მტკიცებულება და მოწმეთა ჩვენებები.

„ვმოძრაობდით სამსახურეობრივი ავტომანქანით „შკოდა“ სახ. სანომრე ნიშნით AB-982-AB, რა დროსაც სტალინის ქუჩა N19-თან, რესტორან „ელდეპოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე შევნიშნეთ ახალგაზრდა გოგო და ბიჭი, რომლებიც საღებავით აკეთებდნენ წარწერებს ფეხით სავალ ნაწილზე. გოგონა იყო ჩვენთვის ნაცნობი გვანცა ზურაბის ასული დოლუაშვილი, დაბადებული 08.02 1992 წელს, ხოლო მისი თანმხლები ახალგაზრდა მამაკაცი ჩვენ ვერ ვიცანით. ვინაიდან ჩვენ ვმოძრაობდით ცენტრალურ გზაზე, იმის გამო, რომ ხელი არ შეგვეშალა სხვა ავტომანქანებისთვის, ავტომანქანა გავაჩერეთ ცოტა მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც ახალგაზრდები აკეთებდნენ წარწერებს. როდესაც ავტომანქანიდან გადმოვედით და მივედით ზემოთხსენებულ ადგილზე სიტუაციის გასარკვევად, იქ ახალგაზრდები აღარ დაგვხვდნენ, თუმცა, ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე დაგვხვდა წარწერა შემდეგი შინაარსით „მკვლელი ქუჩაშია“, – აღნიშნულია უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პატაკში, რომელიც საქმის წარმოების საფუძველი გახდა.

გვანცა დოლუაშვილი, როგორც სავარაუდო სამართალდამრღვევი, გამოკითხვაზე ივლისის ბოლოს დაიბარეს. როგორც „მოზაიკის“ დირექტორმა „რეგინფოსთან“ განაცხადა, არსებული მდგომარეობა მას სამ მთავარ კითხვას უჩენს, – „პირველი – თუ ადგილზე შეძლეს ჩემი იდენტიფიცირება, რატომ ადგილზევე არ მომმართეს, რომ გავჩერებულიყავი; მეორე – თუ ადგილზე ვერ მოიფიქრეს, რომ ამის გაკეთება შეეძლოთ, რატომ მეორე დღესვე არ დამიბარეს გამოკითხვაზე და მესამე - თუ სამი პოლიციელის ჩვენება არის საკმარისი, მაშინ გამოდის, რომ თუ მოისურვებენ, შეუძლიათ მთელი ცხოვრება სამმართველოში გამოკითხვაზე გამატარებინონ“.

მისივე თქმით, გამომძიებლებისგან რამდენჯერმე მოითხოვა, ეჩვენებინათ მტკიცებულება, რომელიც წარწერასთან მის კავშირს დაადასტურებდა, თუმცა, როგორც უთხრეს, საქმეში ასეთი მტკიცებულება არ არსებობს. გვანცა დოლუაშვილი ვარაუდობს, რომ დაწყებული გამოძიება მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება და რადიოზე ზემოქმედების მცდელობაა.

„მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ვიდეოკამერაა და მათ რომ მოენდომებინათ, შეეძლოთ ვიდეო-ჩანაწერების ამოღება. ჩნდება კითხვა, თუ წარწერის გაკეთების დროს მართლა იქ ვიყავი, რატომ არ ამოიღეს ეს ჩანაწერები და რატომ შემოდეს ორი თვე საქმე თაროზე. შესაძლოა, ამით უნდათ დაგვანახონ, რომ შეუძლიათ რაღაცეებით ჩვენზე ზემოქმედება, რომ რაღაც ფორმით შეუძლიათ შეგვავიწროვონ, შეგვაწუხონ და დისკომფორტი შეგვიქმნან. თავს მივიჩნევ დაზარალებულად, რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში მიწევს სამსახურებრივ საქმეს მოვცდე და დრო და ენერგია დავხარჯო იმ საქმეზე, რომელთანაც ჩემი კავშირი დასაბუთებული არ არის“, – ამბობს გვანცა დოლუაშვილი.

გორის რაიონული სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე დაწყებულ საქმეს უახლოეს დღეებში განიხილავს. რადიო „მოზაიკის“ დირექტორის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს.

სათემო რადიო „მოზაიკა“, რომელიც სტუდია „რემ“ დააფუძნა, გორში უკვე წელიწადზე მეტია მაუწყებლობს და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა. გარდა ამისა, გვანცა დოლუაშვილი საინიციატივო ჯგუფ „მაროს“ წევრიცაა. „მარო“ სტალინის ქუჩისთვის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს. ამ საქმიანობის გამო, ცოტა ხნის წინ დოლუაშვილს და ჯგუფის სხვა წევრებს სოციალურ ქსელში დაემუქრნენ კიდეც. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]