weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თბილისის პოლიციის დეპარტამენტში არასრულწლოვანთა სამმართველო შეიქმნება

12:32 სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში არასრულწლოვანთა სამმართველო შეიქმნება, რომელიც თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე იქნება პასუხისმგებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ ცვლილებებზე გიორგი გახარიამ ისაუბრა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე, რომლის თემა საგამოძიებო სისტემის რეფორმა იყო. მისი თქმით, კრიმინალური პოლიციის რეფორმა შსს-ში მიმდინარე „სისტემური განახლების“ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა და სამივე მიმართულების გაძლიერების გზით, კრიმინალური პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება.

„რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა, როგორც კვალიფიკაციის ამაღლების და სისტემის შიგნით ფუნქციების გამიჯვნის, ისე საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო უფლებამოსილებების მკაფიოდ განსაზღვრის გზით. სამინისტრომ უკვე შეაფასა გამომძიებელთა კვალიფიკაცია. მიღებული შედეგების შესაბამისად სამინისტროს აკადემიაში გამომძიებელთა პროფესიული გადამზადების მოდული შემუშავდა. ასევე, შემუშავებულია გამომძიებელთა საბაზისო მომზადების პროგრამა, გაიზარდა გამომძიებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამტკიცდა სამსახურში მიღების ახალი წესი, რომლის მიზანიც უწყებაში ახალი, მოტივირებული კადრების დასაქმების ხელშეწყობაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კრიმინალური პოლიციის რეფორმირების ნიმუშად, გახარიამ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ახალი სტრუქტურა წარადგინა.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურის ცვლილების მთავარი მიზანია, ერთმანეთისგან მკაფიოდ გაიმიჯნოს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებები. უფრო კონკრეტულად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში იქნებიან გამომძიებლები, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ გამოძიებაზე, დეტექტივები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან მხოლოდ ოპერატიულ მუშაობაზე და მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან პრევენციულ საპოლიციო საქმიანობაზე. გარდა ამისა, იქმნება არასრულწლოვანთა სამმართველო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე საუბარი ასევე შეეხო გამოძიების პროცესში საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხს, რომლის მიზანი გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა, გამომძიებელთა პასუხისმგებლობის ზრდა, გამოძიების ხარისხის ამაღლება და გამოძიების პროცესზე საპროკურორო კონტროლის გაძლიერებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]