weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოს მთავრობას შეუძლია რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე - ანგარიში

11:01 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018

„საქართველოს მთავრობას შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე“, – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელშიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით სხვადასხვა ქვეყნების მიერ 2017 წელს განხორციელებული ღონისძიებებია შეფასებული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით და ზოგადად არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის დიდი ხნის წევრი, განაგრძობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთელ რიგ საკითხებზე, ჩართული იყო არაერთ ორმხრივ წვრთნაში და რჩება ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების სფეროში.

„მაისში, აშშ-ისა და საქართველოს ხელმძღვანელმა პირებმა ხელი მოაწერეს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ“ შეთანხმებას, რითიც შექმნეს სამართლებრივი საფუძველი ინფორმაციის ორმხრივად გაზიარებისთვის, რაც გააძლიერებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობას და გაზრდის საქართველოს სამხედრო თავსებადობას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) წევრ სახელმწიფოებთან.

2017 წელს, საქართველომ განაგრძო კონტრტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერება. საქართველომ მიიღო კანონმდებლობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების გამოყენების რეფორმირებისა და მართვის ზედამხედველობის გაზრდის მიზნით. 2017 წელს, პარლამენტმა მიიღო სხვა ცვლილებები, რომელთა შორის იყო სამართალდამცავი ორგანოებისათვის ელექტრონული კომუნიკაციის მონაცემების თვალთვალის განმახორციელებელი სააგენტოსგან პირდაპირ გამოთხოვის უფლებამოსილების მინიჭება და ასევე, სისხლის სამართლის საქმის მონაწილე პირების უსაფრთხოების დაცვის გაძლიერება.

მთავრობამ ასევე, მოახდინა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ ახალი კანონის იმპლემენტაცია. კანონი შემუშავებული იქნა იმგვარად, რომ მთავრობას შეეძლოს უარი უთხრას ლტოლვილის სტატუსზე, თავშესაფარზე ან სხვა საერთაშორისო დაცვაზე იმ პირებს, რომელთა მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ჩართულნი იყვნენ ტერორისტულ აქტში და/ან აქვთ კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ანგარიშში მოხვდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2017 წლის ნოემბერში, თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაცია, რომლის მიზანიც ოთხი ეჭვმიტანილი ტერორისტის დაკავება იყო: „ტერორისტთა ჯგუფის ერთი წევრი დაკავებული იქნა, ორი მოკლული, ხოლო მეოთხე ეჭვმიტანილმა მოახდინა თვითლიკვიდაცია, ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად. მოგვიანებით, მოხდა გარდაცვლილთაგან ერთ-ერთის, საერთაშორისო ტერორისტის ახმედ ჩატაევის იდენტიფიცირება. ერთი ქართველი ოფიცერი იქნა მოკლული, ხოლო ოთხი დაიჭრა“.

ასევე, საუბარია 26 დეკემბერს, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, სუს-ის მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რა დროსაც ჩატაევთან შესაძლო კავშირის გამო, დაკავებულ იქნა 4 პირი. სპეცოპერაციის დროს ერთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წლის ბოლოსთვის გამოძიება ორივე ოპერაციასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასული წლის ივლისში, საქართველომ დაიწყო გამოძიება და შემდგომი სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც სავარაუდოდ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]