„ვიღაც შეიძლება ჩემგან ელოდება ფრაზას, რომ დავიქუხებ და ვიტყვი, რომ მე, ალეკო ელისაშვილი, დღეიდან, ჩემს მძლეთა მძლე გუნდთან ერთად, ამოვაბრუნებ დედამიწას, მთას მთაზე შემოვტყორცნი, ვიღაცას დავიჭერ, ვიღაცას ერთ კვირაში ფულს ჩამოვატანინებ, ამ ფულს მერე ხალხს დავურიგებ და ვიცხოვრებთ ბედნიერად. ამ მხრივ იმედები უნდა გაგიცრუოთ, ვინაიდან ძალიან რთულ რამეს გთავაზობთ - გთავაზობ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ავიღოთ ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა.
ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ველოდებით მესიებს, ძალაინ მდიდარ და ძალიან კეთილ ბიძიებს, რომლებიც მოვლენ და მუთაქებით ფულებს ჩამოგვირიგებენ, ჩვენ ვიქნებით მხარ-თეძოზე წამოგორებულები და ისინი მოგვიგვარებენ აბსოლუტურად ყველაფერს. ეს ასე არ ხდება. არანაირი მესია არ არსებობს. გთავაზობთ გავაერთიანოთ ენერგია, ყველამ ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და ეს უზარმაზარი ძალა და ენერგია მივმართოთ არა ვიღაცის დამხობისკენ და რაღაცის დანგრევისკენ, არამედ ამ ქვეყნის წინსვლისკენ.
ჩვენი გუნდის წევრი ნებისმიერი შეიძლება გახდეს. ვიწყებთ სამოქალაქო მოძრაობის წევრების ძებნას და შეგროვებას მთელს საქართველოში.
მაინცდამაინც ცნობად სახეებს არ ვეძებთ, ვეძებთ კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ ადამიანებს, რომლებიც თავის საქმეში პროფესიონალები არიან და რომლებიც არიან უბრალოდ პატიოსანი ადამიანები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილმა მოძრაობის წევრები წარადგინა, რომელთა შორის „კავკასიის უნივერსიტეტის“ ჯანდაცვის სკოლის დეკანი ვატო სურგულაძეც არის.
სამოქალაქო მოძრაობაში განმარტავენ, რომ მათ ევროპის დემოკრატიული მხარდაჭერის ფონდი აფინანსებს. ამ ეტაპზე სამოქალაქო მოძრაობის ოფისები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იქნება წარმოდგენილი.