weather cur horoscope tv
ნოემბერი 01, 2024

„ოცნებამ“ ბაგრატის ტაძრის ეზოში ქუთაისის მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები წარადგინა

11:34 შაბათი, 19 სექტემბერი 2020

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის და მერობის კანდიდატები წარადგინა. ღონისძიებას დაესწრნენ სასულიერო პირებიც, მათ შორის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

პარტიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ექიმი ზაზა ლომინაძე ჰყავს დასახელებული, ხოლო მერის თანამდებობაზე – იმერეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილი.

მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა გიორგი გახარიამ. მან კორონავირუსის პანდემიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქუთაისელებმა და იმერლებმა ბოლო 5-7 თვის განმავლობაში დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოავლინეს.

„ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ქუთაისში, ერთ ცალკე აღებულ 32-ე სკოლაში ინფიცირების ამხელა რაოდენობა. ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს გადადებული სწავლა ბავშვებისთვის, რამხელა დისკომფორტია ეს მშობლებისთვის, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ დღეს ვიბრძვით პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ნათესავების, მეზობლების, მშობლების, შვილების ჯანმრთელობისთვის და ასევე ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება სწრაფად დავიწყოთ და სამუშაო ადგილები კი არ დავკარგოთ, კიდევ უფრო მეტი შევქმნათ. იმ წყნარი, მშვიდი დამოკიდებულებისთვის, რომლითაც ქუთაისმა, იმერეთმა ეს ბოლო გამოწვევები გაიარა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ძირითადად განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გამოსვლას, ზაზა ლომინაძის თქმით, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქალაქ ქუთაისის გრძელვადიანი და ფუნდამენტური განვითარებისათვის.

„სულ მალე ქუთაისის გენერალური განვითარების გეგმა გვექნება. მიმდინარეობს მუშაობა ქუთაისის თანამედროვე ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებისათვის, რაც ხელს შეუწყობს ლოჯისტიკური სერვისების ერთ სივრცეში თავმოყრას. „ქართული ოცნების“ გუნდი განვითარების სწორ გზაზეა და აქვს მომავლის ხედვა, უნარი, რომ საკუთარ მოქალაქეებზე, საკუთარ ქვეყანაზე იზრუნოს და ეტაპობრივად ყველა გამოწვევას, მათ შორის COVID 19-საც წარმატებით გაუმკლავდეს. თქვენი მხარდაჭერის შედეგად, უკვე საქართველოს პარლამენტიდან ვიზრუნებ თქვენზე და ჩემს უსაყვარლეს ქუთაისზე“, – აღნიშნა ლომინაძემ.

ქუთაისის მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის თქმით, მისი მხრიდან დიდი თანადგომა ექნება კულტურის სფეროს თითოეულ წარმომადგენელს და დაწესებულებას, ვინაიდან „ქუთაისის ტრადიციებით, კულტურით, ცნობილი ისტორიული ტოლერანტობით ახალი გზა უნდა გავჭრათ ევროპაში“.

„ეს ის სფეროა, რომელსაც ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ჩემს სამოქმედო გეგმაში და მე, ჩემს გუნდთან ერთად სულ მალე შევუდგები ამის განხორციელებას. 2021 წელი განსაკუთრებულია ჩვენი ქალაქისთვის იმიტომ, რომ ქუთაისი და საქართველო პირველად უმასპინძლებს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს. სიამაყით ვიტყვი, რომ ამ გადაწყვეტილებაში ჩემი წვლილიც არის. სწორედ ასეთი საერთაშორისო ფორუმების მეშვეობით შეგვიძლია ჩვენი ქალაქი გავხადოთ შესაძლებლობების ქალაქად. ეს შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი და ინფრასტრუქტურულად გამართული ქალაქისთვის და ამის მიღწევა შესაძლებელია განვითარებული ტურიზმით, ჩვენი ულამაზესი, ახალი აეროპორტით და იმ საავტომობილო ქარხნით, რომელიც მოკლე ხანში დაიწყებს ელექტრომობილების წარმოებას“, – თქვა მერობის კანდიდატმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]