„შემომატებულ დეპუტატებს მინდა მივულოცო დეპუტატის მანდატზე პასუხისმგებლობის აღება და პარლამენტში შემობრძანება. ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთერთო ხალხთან. მეც მინდა ნომერი ჩაგაწერინოთ. ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ნიკა გვარამიას ნომერია. დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ – გაყალბდა თუ არა არა არჩევნები – იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?! ეს რიტორიკული კითხვა იყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის გამოსვლამდე, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაცხადა და თქვა, რომ ისევე უპასუხებდა მოქალაქეთა ზარებს, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში პასუხობდა.
„ზოგს ჰგონია და ბევრს ვერც დავაჯერებთ, რომ ამ სავარძელმა არ მოგვხიბლა და აქ რაღაც პრივილეგიებით არ შემოგვიტყუეს. გვინდა, რომ ხალხის პრობლემები ისმოდეს ამ დარბაზში და იმიტომ ვართ აქ. გვეკითხებიან – გაყალბდა თუ არა არჩევნები. გაყალბდა, ჩვენ ამის გვჯერა. არჩევნები 31 ოქტომბერს გაყალბდა. მაშ, რატომ ვართ ამ დარბაზში, თუ გაყალბდა? იმიტომ ვართ, რომ ჩვენ გვინდა, 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები. და ეს მემორანდუმი, რასაც ხელი მოვაწერეთ ამის გარანტიაა“, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს კენჭი უყარეს 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. „ქართულმა ოცნებამ“ საკითხი ჩააგდო და დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.