„უკრაინის შესაბამისი ინსტანციის გადაწყვეტილებით საქართველოში ჩემი ექსტრადირების პროცესი დაჩქარებულია, რაც მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების აქტია და უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების, ჩვენი უკრაინელი ძმების ქოცხელისუფლების ტყვეობიდან დახსნას, ანუ წარმოადგენს არაფორმალურ გაცვლას ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ მიერ ტრადიციული რუსული ღვარძლისა და ზიზღის პროპაგანდაზე დაფუძნებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის“, – ნათქვამია მეგის ქარდავას განცხადებაში.
ქარდავა აღნიშნავს, რომ წლებია, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურად იდევნება. საკუთარი ინტერესების დაცვისთვის ყოფილი მაღალჩინოსანი მიმართავს სახალხო დამცველს, რომელიც, მისივე შეფასებით, „სახელმწიფოს მესამე ვადით მიმტაცებელმა პუტინის ოლიგარქმა ივანიშვილმა ვერ დაიმორჩილა“.
„მივმართავ სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დაიცვათ ჩემი ინტერესები და უსაფრთხოება, რათა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ მიეცეს საშუალება პოლიტიკური დევნის პროცესში ჩემს წინააღმდეგ განახორციელოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური სახის ზეწოლები პოლიტიკური მოტივით შეკერილ საქმეებში ჩემგან ცრუ ჩვენებების მოპოვების მიზნით, რისი მოსალოდნელი მცდელობების მიუხედავად ბოლომდე დავრჩები ჩემი პრინციპებისა და სამშობლოს ერთგული“, – ამბობს მეგის ქარდავა.
ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლიდან ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსანი უკრაინაში 2017 წელის ნოემბერში დააკავეს, რის შემდეგაც საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობდა. 2018 წელს, მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.
ქარდავა საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული, მათ შორის: პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე მისჯილი აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე) მისჯილი აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ე.წ „კასრების“ საქმეზე მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.