weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

ხვალ, 8 საათსა და 5 წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ – დუმბაძე

13:54 პარასკევი, 01 ოქტომბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურმან დუმბაძე ადასტურებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში იმყოფება. როგორც დუმბაძე ამბობს, მას რამდენიმე საათში შეხვდება.

„მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგე ძალიან ცოტა დარჩა. ამ 9 წლის თავზე ეს მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა. მას ჰყავს მომხრეები შინაგან საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის სახლებში, ჯარში, პოლიციაში, რიგით მოქალაქეებში. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდება, ხვალ, 8 საათსა და 5 წუთზე ეგზიტპოლებით.

მას ჰყავს ძალიან ბევრი მომხრე. მას ელოდება მთელი საქართველო და ჩვენ ხვალ, რვა საათზე და ხუთ წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ. ვფიქრობ, რომ ოპერატიულად უნდა ვიმოქმედოთ და არავითარ შემთხვევაში ის არ უნდა გამოჩნდეს. ის არის საქართველოში.

ის ამ წუთში, ამ წამებში არის ბათუმში და მან გააკეთა სერიოზული განცხადება, საკუთარი სიტყვა შეასრულა და ახლა სიტყვა ჩვენზეა. ჩვენ უნდა შევასრულოთ სიტყვა, რაც გვწამს, რაც გვჯერა, იმის, რისიც მჯეროდა ცხრა წლის წინ, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია საარჩევნო ყუთთან“, – განაცხადა დუმბაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ხვალ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. კენჭისყრა საღამოს 8 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც ხმის დათვლის პროცესი დაიწყება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს, პირველ ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოშია. საკუთარ ვიდეოში, რომელიც ღამის პერიოდშია გადაღებული, ის ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება და მალე თბილისში იქნება. სააკაშვილის საქართველოში ყოფნას ადასტურებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის და არც მის მიერ გავრცელებული ვიდეოა ბათუმში გადაღებული.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა სამშობლოში დაბრუნება დააანონსა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ მას საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებდნენ.

ქართული სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. მათ შორის, 2018 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, ის დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ ბიზნესმენ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]