როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას ყურადღებით აკვირდებიან.
„მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის საზედამხედველო მუშაობას დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის შექმნის კუთხით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და ციხის საავადმყოფოში სამედიცინო აღჭურვილობის მდგომარეობის შესამოწმებლად.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათანადო მოპყრობის შესახებ.
ჩვენ ასევე მკაცრად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ის, რომ ბატონი სააკაშვილი დაესწროს ყველა სასამართლო სხდომას მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ბატონ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს სასამართლო სხდომებზე პირადად დასწრების შესაძლებლობას, თუ ის ამას მოითხოვს“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებაში.
გუშინ, 18 ნოემბერს, საღამოს, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა, რის გამოც მისი რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსება გახდა საჭირო.
მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ხელისუფლება, უსაფრთხოების რისკების საბაბით, უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანაზე. ყოფილ პრეზიდენტს არც საკუთარ სასამართლო სხდომებზე დასწრების საშუალება ეძლევა.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, 17 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, რის გამოც ჯგუფის რეკომენდაცია იყო მკურნალობის დაუყოვნებლივ გაგრძელება ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ექსპერტების შეფასებით, მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არის.