weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

შოთაძე ნამდვილად იმსახურებს იგივე ანაზღაურებას, რაც ჰქონდა ზოდელავას – წულუკიანი

16:53 პარასკევი, 08 სექტემბერი 2017

„ირაკლი შოთაძის და მისი მოადგილეების თვიური თანამდებობრივი სარგო არის ზედმიწევნით იგივე, რაც იყო ბატონი ზოდელავასი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“–ის ეთერში გასულ სიუჟეტში, რომელიც „რეგინფოს“ მიერ გავრცელებული მასალების საფუძველზე მომზადდა და მთავარი პროკურატურის მაღალჩინოსანთა პრემია-დანამატებს შეეხებოდა.

„ეს შრომის ანაზღაურება შოთაძის შემთხვევაში არ გაზრდილა და მე ვსვამ კითხვას: იმსახურებს თუ არა ბატონი შოთაძე ჰქონდეს, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, იგივე ანაზღაურება, რაც ჰქონდა ბატონ ზოდელავას, რომლის დროსაც პროკურორი იყო იარაღი ჩვენი მოქალაქეების გაუბედურებისა, ჩაგვრისა და მოსამართლეებზე ზეწოლისა. ჩემი პასუხია ამავე კითხვაზე, რომ იგივე ანაზღაურებას, რაც ჰქონდა ბატონ ზოდელავას, ბატონი შოთაძე ნამდვილად იმსახურებს“, – აღნიშნა წულუკიანმა. 

რამდენად საფუძვლიანია იუსტიციის მინისტრის არგუმენტები პროკურატურის ხელმძღვანელების პრემია-დანამატებზე? 

ოფიციალური ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას ანაზღაურება 2011 წელს 117 360 ლარი იყო, ანუ 360 ლარით აღემატებოდა მოქმედი მთავარი პროკურორის წლიურ შემოსავალს. 

იუსტიციის მინისტრის მიერ დასახელებული მთავარი არგუმენტების საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, „რეგინფო“ სხვა მოქმედი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ხელფასებითაც დაინტერესდა. 

გამოირკვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელფასი წელიწადში 51 370 ლარია, მაშინ, როდესაც ყოფილმა პრემიერმა ნიკა გილაურმა 2011 წელს მიიღო თითქმის 3-ჯერ მეტი ანაზღაურება - 151 150 ლარი. 

წელიწადში 75 000 ლარს  შეადგენს ამჟამად მოქმედი მინისტრების ხელფასი (თვეში 6 250 ლარი), რაც წინა ხელისუფლების მთავრობის წევრთა ანაზღაურების ოდენობას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო პერიოდში მინისტრის ხელფასი გაცილებით ნაკლები - თვეში 3 540 ლარი იყო. 

მაგალითად, 2011 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მიიღო 109 740 ლარი, ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა - 105 532 ლარი, სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ - 97 355 ლარი, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ - 89 960 ლარი, ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა - 89 750 ლარი, ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ და ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ - 88 500 ლარი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა - 84 960 ლარი და ა.შ. 

აღნიშნული პერიოდის მინისტრებს შორის ყველაზე მცირე ანაზღაურებას იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იღებდა - 42 480 ლარის ოდენობით. 2011 წელს მას პრემია ან დანამატი არცერთხელ არ აუღია. 57 400 ლარი იყო თავდაცვის მინისტრის ბაჩანა ახალაიას წლიური ხელფასი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]