weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

აფხაზური მხარე უძველესი ქრისტიანული ტაძრების დაცვას იუნესკოს და გაეროს სთხოვს

16:45 სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017

ოკუპირებული აფხაზეთის „კეთილი ნების ელჩებმა“ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ხელმძღვანელობას და გაეროს კეთილი ნების ელჩებს ვიდეო მიმართვა გაუგზავნეს და მოუწოდეს ყურადღება მიაქციონ აფხაზეთში არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძრების შენარჩუნების საკითხს. ამის შესახებ ინფორმაცია „სპუტნიკ აბხაზიამ“ გაავრცელა.

საქველმოქმედო მოძრაობა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ აფხაზეთი კავკასიაში ქრისტიანობის აკვანია, ხოლო მისი ტაძრები „საქართველოს გამანადგურებელი პოლიტიკის შედეგად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ“.

„1992-1993 წლებში, ქართულ-აფხაზური ომის დროს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარები ბარბაროსულად ანადგურებდნენ აფხაზური კულტურის ნიმუშებს, აფხაზი ერის უნიკალური რელიქვიები და არტეფაქტები გაჰქონდათ, უმოწყალოდ ბომბავდნენ ქრისტიანულ ტაძრებს და სიწმინდეებს. მაგალითად, 150 საალტილერიო ჭურვი იქნა გასროლილი ბედიის სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით. რეალურად ეს იყო მთელი ერის მოსპობის მცდელობა მისი ისტორიის განადგურების გზით. ყველაფრის მიუხედავად, აფხაზმა ხალხმა დაიცვა არსებობის უფლება“, - ამბობს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანია.

ვიდეომიმართვაში აღნიშნულია, რომ ბედიის მონასტერი, ლიხნის, ბზიფის, მოქვის, ბიჭვინთის და ანაკოფიის ტაძრები არა მხოლოდ აფხაზეთის რესპუბლიკის, არამედ მთელი კაცობრიობის უნიკალური არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლებია.

მიმართვის ავტორები აცხადებენ, რომ აუცილებელია რესტავრატორების ჩარევა, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ტაძრებისა და ფრესკების დაკარგის რისკი.

„აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ მიმართვას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა.

„ეს იყო ძალიან მკვეთრი და პოლიტიკური განცხადება, რომელიც ამახინჯებს რეალობას. რეალობა კი იყო საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დამახინჯება, რაც სრულიად მიუღებელია. საქმე გვაქვს ზოგიერთ შემთხვევაში კომპეტენციის ნაკლებობის, ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად მიზანმიმართულად ამ ძეგლების პირვანდელი სახის დამახინჯებასთან ე.წ. რესტავრაციის პროცესით, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ხშირ შემთხვევაში. შავი არქეოლოგია, არტეფაქტების უკანონოდ გატანა საქართველოს ტერიტორიიდან არის ძალიან სერიოზული პრობლემა“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ეს საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების 14 რაუნდის ფარგლებში განიხილება.

„ამ ფორმატის აფხაზმა მონაწილეებმა იციან, რომ ჩვენი მხარე არის ძალიან ღია, ვისაუბროთ რეალურად არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ, რომ მოხდეს კვალიფიციური მონიტორინგი და ჩვენი ექსპერტების მონაწილეობა ამ ძეგლების კონსერვაციასა თუ რეაბილიტაციაში, რათა გავუფრთხილდეთ ამ საერთო მემკვიდრეობას“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]