weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტო დაადო

20:18 ორშაბათი, 09 ოქტომბერი 2017

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა.

გიორგი მარგველაშვილმა მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც მისი თქმით, ოპოზიციასთან - 20 პოლიტიკურ პარტიასთან ერთად შემუშავდა ჟურნალისტებს თავად წარუდგინა და აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შენიშვნები განსაკუთრებულად მომზადდა და სწორედ შეთანხმებისა და კონსენსუსის სულისკვეთებით დაიწერა.

პრეზიდენტის განცხადებით, პარლამენტში წარდგენილი 6 პუნქტიანი მოტივირებული შენიშვნები პირველ 4 პუნქტში, თავიდან ბოლომდე იმეორებს ვენეციის კომისიის წინაშე „ქართული ოცნების“ მიერ აღებულ ვალდებულებას. ეს ის საკითხებია, რომლებზეც „ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისიასთან ჩასწორების ვალდებულება აიღო: ეს 4 საკითხი უცვლელად გადმოდის მოტივირებულ შენიშვნებში: ბონუსის, საარჩევნო ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მე-5 საკითხიც ასევე „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის - ეს 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხია.

ბოლო საკითხი ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს. „ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველი პარტია ოპოზიციასა და მთელ ქართულ საზოგადოებასთან ვერ შეთანხმდა. მაგრამ აქაც გადავწყვიტე არ ვიყო ხისტი და ერთმნიშვნელოვნად არ წარვადგენ შეთავაზებას. ჩვენ ამ საკითხის მომავალში განხილვას ვთავაზობთ ქართულ პარლამენტს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ 6 შეთავაზების განხილვის და გაზიარების შემთხვევაში, მივაღწევთ ძალიან ბევრს: მივიღებთ კონსტიტუციას, რომელსაც ექნება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა და ვაჩვენებთ ევროპულ პოლიტიკურ კულტურას, რომლისკენაც მოგვიწოდებს ვენეციის კომისია და მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს.

„ამ შენიშვნების 6 პუნქტიდან 5 ხელისუფლების ინიციატივაა და ერთი რომელზეც ვერ ვთანხმდებით კი არ არის გადაწყვეტილი, არამედ მომავალშია გადადებული. ამაზე უფრო კონსტრუქციული შეთანხმება მე ვერ წარმომიდგენია. ამის იქით არის უკვე დათანხმება და არა შეთანხმება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ადამიანები, რომლებსაც ქართველმა ხალხმა თავიანთი ცხოვრების განკარგვა და კონსტიტუციის შექმნა ანდო, ამ შეთავაზებას გაიაზრებენ არა პარტიულ კონტექსტში, არამედ ისე, როგორც უნდა იყოს გააზრებული კონსტიტუცია, როგორც ქართულ საზოგადოებასთან უმაღლესი თანხმობის დოკუმენტი.

პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტის 76 დეპუტატის ხმაა საჭირო.

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მესამე და ბოლო მოსმენით 26 სექტემბერს მიიღო. კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგ წავიდა. საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა „ევროპული საქართველოდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ხმა მისცა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ორმა წევრმა, ერთმა კი მხარი დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ 25 სექტემბერს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უარი თქვა კონსტიტუციური კანონპროექტის მესამე მოსმენით მისაღებად პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე. ამის მიზეზად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ დაასახელა ის, რომ კონსტიტუციის პროექტს ხარვეზები აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]