weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციას ხელი მოაწერა

11:23 პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწერა. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, მისთვის უაღრესად ძნელი იყო კონსტიტუციაზე ხელის მოწერა, თუმცა ეს ნაბიჯი შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზების თავიდან ასაცილებლად გადადგა.

„ერთი წლის წინ დაიწყო კონსტიტუციის ცვლილებებზე მუშაობა. პირველივე დღიდან ჩემთვის ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მისაღებად ემზადებოდა. სწორედ ამიტომ და საზოგადოებამ ეს კარგად იცის, რომ ვიყავი პირველი, რომელიც ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების პერსპექტივაზე ვსაუბრობდი და შესაბამისად, ვდგამდი ნაბიჯებს.

მე და ჩემი გუნდი მთელი წლის განმავლობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ვაფიქსირებდით ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ კონსტიტუცია ყველასია და ვცდილობდით, რომ ქვეყანას მიეღო თანხმობაზე დაფუძნებული დოკუმენტი. ბოლოს ამ მიზნით გამოვიყენე ვეტოს უფლებაც.

სამწუხაროდ, ამ საკითხში, ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში, „ქართული ოცნება“ ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში და პარლამენტმა მიიღო ის, რაც აქამდეც მომხდარა - ერთპარტიული კონსტიტუცია.

სწორედ ამიტომ, ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა და მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა ყველანაირი ნაბიჯი გადავდგათ, რათა თავიდან იყოს აცილებული შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები, მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი, ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს.

მთელ ამ პროცესში ჩვენ გვსურდა ქართული საზოგადოებისთვის ევროპული სტანდარტის დამკვიდრება. იყო მეორე სტანდარტიც - „ქართული ოცნების“, რომლისთვისაც გადაულახავ სიმაღლედ იქცა ის, როგორც იქცეოდნენ წინა ხელისუფლებები. ჩემი დღევანდელი ნაბიჯიც მინდა განხილულ იქნას, როგორც მაგალითი იმისა, რომ ამ უფრო მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, შესაძლოა, პოლიტიკოსმა არ გამოიყენოს ყველა ბერკეტი სახელმწიფოებრივი იდეალებიდან და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პარლამენტმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა. პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა.  საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო 13 ოქტომბერს დაძლია და საკონსტიტუციო ცვლილებები 117 ხმით დაამტკიცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]