weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

თელავის მერობის კანდიდატს საბანკო ანგარიში დაუყადაღეს

16:16 პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017

ლეიბორისტული პარტიიდან თელავის მერობის კანდიდატს, ნიკოლოზ ვარდოშვილს, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე „საქართველოს ბანკში“ ანგარიში დაუყადაღეს. მას თელავის საოლქო–საარჩევნო კომისიაში „მომხდარი ინციდენტის“ გამო სასამართლოს მიერ დაკისრებული 500 ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობას ედავებიან. მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ჯარიმა გადახდილი აქვს.

„არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, „საქართველოს ბანკმა“ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნით ანგარიში დამიყადაღა. „საქართველოს ბანკში“ ვერ ამიხსნეს, თუ რის გამო დააყადაღეს ანგარიში, რის შემდეგაც დავუკავშირდი აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მათი განმარტებით, ანგარიშის დაყადაღება თელავის რაიონულმა სასამართლომ ვითომ გადაუხდელი ჯარიმის გამო მოითხოვა. არადა, ჯარიმა 2 ოქტომბერს მაქვს გადახდილი და ქვითარიც გამაჩნია“, – ამბობს ნიკოლოზ ვარდოშვილი.

თელავის სასამართლოში აცხადებენ, რომ ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ნიკოლოზ ვარდოშვილს სასამართლოსთვის უნდა ჩაებარებინა. მათივე თქმით, მერობის კანდიდატს განუმარტეს, რომ ეს სასამართლოს დადგენილებაშიც წერია, თუმცა, არც თელავის რაიონული სასამართლოს და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს დადგენილებაში ქვითრის წარდგენის ვალდებულებაზე ჩანაწერი არ არსებობს.

„ამას განვიხილავ როგორც თელავის სასამართლოს მოსამართლე მარინე ცერცვაძის ანგარიშსწორებას. მე ვარ მერობის კანდიდატი და არჩევნების წინა დღეს ჩემთვის ანგარიშის დაყადაღება ნიშნავს იმას, რომ კენჭისყრის დღეს გადაადგილების შესაძლებლობასაც კი მისპობენ, თან არანაირი დავალიანება არ გამაჩნია“, – ამბობს ნიკოლოზ ვარდოშვილი.

12 სექტემბერს, მოსამართლე მარინე ცერცვაძემ ნიკოლოზ ვარდოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება 7 სექტემბერს, ნიკოლოზ ვარდოშვილის მიერ თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის ოფისში რამდენიმე თანაპარტიელთან და ჟურნალისტებთან ერთად მისვლის და კომისიის თავმჯდომარისგან განმარტების მიღების მცდელობის ფაქტს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალმახელიძემ მიიჩნია, რომ მერობის კანდიდატი მის კაბინეტში შეიჭრა და კომისიას მუშაობაში ხელი შეუშალა, რის გამოც ვარდოშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და შენობიდან გააძევა. თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკოლოზ ვარდოშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]