weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ნასაკირალში არეულობას მიზანმიმართულად აწყობდნენ - „სამართლიანი არჩევნები“

10:39 სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017

„ოზურგეთის საარჩევნო ოლქის დაბა ნასაკირალის N59 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის შემდეგ განვითარებული მოვლენები ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა უბანზე არეულობის მოწყობისა და ამ მიზეზით უბნის შედეგების გაბათილების მიზანმიმართულ მცდელობას.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესზე სრულად დაკვირვების შედეგად, გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნასაკირალის N59-ე საარჩევნო უბანზე შედეგების ბათილობის საფუძველი არ არსებობს, რადგან საარჩევნო უბანზე დამდგარი შედეგის სანდოობა ეჭვს არ იწვევს“, - აცხადებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმზღვანელი მიხეილ ბენიძე.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ნასაკირალის N59 უბანზე ხმათა უმრავლესობა მიიღო დამოუკიდებელმა კანდიდატმა და აღნიშნული უბნის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოზურგეთის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად.

„ნასაკირალის N59-ე უბანზე, ხმის დათვლის პროცესის დასრულებისა და შედეგების შეჯამების შემდეგ, შემაჯამებელი ოქმის შედგენა არაგონივრულად გაჭიანურდა კომისიის თავმჯდომარის ცუდად ყოფნის მიზეზით. ამ პერიოდში, ღამის 12 საათის შემდეგ, უბანზე შეიჭრა აკრედიტაციის მქონე პირთა ჯგუფი, რომლებიც კომისიას არ აძლევდნენ მუშაობისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენის საშუალებას. მიუხედავად ამისა, კომისიის წევრებმა მოახერხეს საარჩევნო დოკუმენტაციის დაზიანებისგან დაცვა. მოგვიანებით, შეჭრილმა პირებმა დატოვეს უბანი და შესაძლებელი გახდა შემაჯამებელი ოქმის შედგენა. აღსანიშნავია, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარე შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერაზე უარს აცხადებდა, რაც დაუშვებელია საარჩევნო კანონმდებლობით. (ყველა კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შემაჯამებელ ოქმს და თუ რაიმეს არ ეთანხმება, შეუძლია განსხვავებული აზრი დააფიქსიროს.)

ამასთან ერთად, ხმის დათვლის პროცესში ნამდვილი ბიულეტენები, რომელზეც იკვეთებოდა ამომრჩევლის ნება დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ, საუბნო კომისიამ ბათილად მიიჩნია, რაზეც „სამართლიანმა არჩევნებმა“ საჩივარი საოლქო კომისიაში წარადგინა.

ნასაკირალის უბანზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა უბნის შედეგების გაბათილების მცდელობას, რადგან ამ უბანზე და მისი შედეგების გათვალისწინებით, ოზურგეთის ოლქშიც დამოუკიდებელი კანდიტატი იმარჯვებდა.

მიუხედავად უბანზე განვითარებული მოვლენებისა, საარჩევნო დოკუმენტაციის მთლიანობას საფრთხე არ შექმნია და ამომრჩევლის ნება შემაჯამებელ ოქმში სათანადოდ აისახა", - ნათქვამია სადამკვირვებლო ორგანიზაციის განცხადებაში.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მიუხედავად საკუთარი ინტერესებისა, პატივი სცეს ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნებიდან“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე სოფელ ნასაკირალის N59 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. ცესკო-ს მონაცემებით, ოზურგეთში მერის არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ გაიმარჯვა. ნასაკირალის საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილების შემთხვევაში სიორიძე შარაშენიძეს 35 ხმით უსწრებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]