weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პარლამენტმა მთავრობის რეორგანიზაციას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

00:22 ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017

მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 82 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, ხდება სამინისტროების შერწყმა და კონკრეტული ფუნქციებით რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის კომპონენტი უერთდება, ხოლო სპორტის ნაწილი კულტურის სამინისტროს ფარგლებში გადადის. გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის სამინისტრო ერთიანდება. ასევე ეკონომიკის სამინისტროში შედის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი.

პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იქმნება სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო კი უქმდება.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განმარტებით, გათვალისწინებულია, რომ სამი თვის ვადაში აღნიშნულმა უწყებებმა უნდა მოახდინონ შერწყმის, რეორგანიზაციის და ოპტიმიზაციის პროცესი. 6 თვის ვადაში კი უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება. მთავრობა იღებს ვალდებულებას, ამ პროცესის დასრულების შემდეგ განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები სამინისტროების, შესაბამისი სიპების, აიპების და საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებში.

შალვა თადუმაძის განცხადებით, კანონმდებლობაში იდება გარკვეული გარანტიები, რომელიც გარემოს დაცვის კომპონენტთან არის დაკავშირებული. „მთავრობას აქვს გარემოს დაცვის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა და არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ამ პოლიტიკის გადახედვას და შესუსტებას“, - განაცხადა თადუმაძემ. მისივე თქმით, გარდა პოლიტიკური კომპონენტისა გარემოს დაცვის კანონში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ორი მნიშვნელოვანი საკითხი მკაფიოდ იქნება განსაზღვრული. ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა, რომ გარემოს დაცვის ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს წინა წლის ბიუჯეტზე ნაკლები და ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პროექტების განხორციელების პროგრამული ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს გარემოს დაცვის ბიუჯეტის ხუთ პროცენტზე ნაკლები. „მთავრობა აფიქსირებს როგორც პოლიტიკურ ნებას გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებაში, ასევე აფიქსირებს მზაობას, ფინანსურად სრულად უზრუნველყოს გარემოს დაცვის პოლიტიკის განხორციელება“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

შალვა თადუმაძის თქმით, პროექტი განხილული იქნა კომიტეტებზე, გამოითქვა შენიშვნები და დღევანდელ სხდომაზე სწორედ ამ შენიშვნების გათვალისწინებით არის წარმოდგენილი. მომხსენებლის განმარტებით, საკომიტეტო განხილვების დროს გამოთქმული შენიშვნა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სახელს შეეხებოდა, მთავრობის მიერ იქნა გაზიარებული და შესაბამისად, სამინისტროს სახელად - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განისაზღვრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]