weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს თანამშრომელმა სასამართლოში დავა მოუგო

17:04 პარასკევი, 09 თებერვალი 2018

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის ბრძანება, რომლითაც მან საკრებულოს აპარატის სპეციალისტს ნონა ლურსმანაშვილს გაფრთხილება მისცა, როგორც ლურსმანაშვილი ამბობს, სამუშაო დროს ტუალეტში გასვლის გამო.

ადგილობრივი ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ინფორმაციით, მოსამართლე გია ბერაიამ განმარტა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი დაარღვია, როდესაც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გაფრთხილება გამოიყენა.

„სამუშაო ოთახიდან გასვლა ყოველთვის არ შეიძლება ჩაითვალოს სამსახურის არაჯეროვნად შესრულებად. ნონა ლურსმანაშვილის მიერ მსგავს საქციელს ადგილი არ ჰქონია, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია“, – ციტირებს მოსამართლის კომენტარს „მე-9 არხი“.

ზაზა ჩაჩანიძემ ნონა ლურსმანაშვილის მიმართ გაფრთხილება 2017 წლის 14 დეკემბერს გამოიყენა. „ტუალეტში ვიყავი გასული და საკრებულოს თავმჯდომარემ გაფრთხილება დამიწერა, სამუშაოს არაჯეროვნად ასრულებო. ის პოლიტიკური ნიშნით მდევნის, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, როდესაც ჩაჩანიძე „ქართული ოცნებიდან“„პატრიოტთა ალიანსში“ გადავიდა, მისი მხარდამჭერი არ ვყოფილვარ“, - ამბობს ნონა ლურსმანაშვილი.

ზაზა ჩაჩანიძეს მიაჩნია, რომ გაფრთხილების მიცემის საფუძველი ჰქონდა. მისი თქმით, ნონა ლურსმანაშვილი სამუშაო ადგილზე სამჯერ არ იყო.

ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წლის ნოემბერში აირჩიეს. ის 2014 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო „ქართული ოცნებიდან“. თანამდებობიდან ის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გადადგა და „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა.

21 ოქტომბერს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში ზაზა ჩაჩანიძე კენჭს ბორჯომის მერადაც იყრიდა. მერის არჩევნების მეორე ტურში მან ხმების 44,78% მოაგროვა, „ქართული ოცნებიდან“ ლევან ლიპარტიამ კი 55,22%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]