weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ქურდობაში ბრალდებულ სუს-ის ოდეერს ახმეტის მერიაში სამსახური შეუქმნეს

17:56 კვირა, 18 თებერვალი 2018

ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისთვის ბრალდებულ ივანე (მამუკა) ხალხელაურს, რომლის საქმეც თელავის სასამართლოს წარმოებაშია, ახმეტის მერიაში სამსახური პერსონალურად შეუქმნეს, ყოველთვიური ხელფასი კი 1500 ლარით განუსაზღვრეს.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ივანე ხალხელაური ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „ოდეერი“ იქნება. 

ივანე ხალხელაური 2003-2004 წლებში ახმეტის პოლიციაში, პანკისის ქვეგანყოფილების უფროსად მუშაობდა. 2005 წლიდან დედოფლისწყაროს პოლიციაში ძებნის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, შემდეგ მუშაობა ისევ ახმეტის პოლიციაში გააგრძელა. რამდენიმე წელი ესპანეთში იმყოფებოდა. 2013-2014 წლებში ივანე ხალხელაური სააქციო საზოგადოება „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ სათაო ოფისში, გამრიცხველიანების ჯგუფში მუშაობდა. ამ პერიოდში კომპანია გაკოტრების რეჟიმში იყო და მას იუსტიციის სამინისტროს მიერ დანიშნული მმართველი მართავდა.

კახეთის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, კომპანიაში მუშაობის პერიოდში, ივანე ხალხელაურმა, ორ სხვა პირთან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად გაიტაცა ენერგოდისტრიბუციის კუთვნილი ათასობით ლარის ღირებულების სპილენძის კაბელები, რომელიც შემდეგ ჯართის სახით გაყიდა.

საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ ქურდობის ჩადენის დროს ბრალდებულები კომპანიის ტერიტორიაზე განთავსებულ ვიდეოკამერებს შავი პოლიეთილენის პარკებს აფარებდნენ.

პროკურატურამ სამივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მნიშვნელოვანი ზიანი) და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პირთა ჯგუფი) წარედგინა, რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულად ითვლება და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თელავის რაიონული სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საქმის განხილვა 2016 წლის 21 ივლისს დაიწყო, შემდეგ კი 26-ჯერ მოხდა მისი გადადება. ბოლო სხდომა 2018 წლის 2 თებერვალს ჩატარდა და კვლავ გადაიდო.

სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გამო, ივანე ხალხელაური სამსახურიდან კი გაათავისუფლეს, მაგრამ ხელისუფლებისგან უყურადღებოდ არ დარჩენილა, - 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში იგი პარტია „ქართული ოცნების“ ახმეტის ორგანიზაციაში უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსად დაინიშნა, სადაც დღემდე აგრძელებს მუშაობას.

2017 წლის 28 დეკემბერს ახმეტის საკრებულომ დაამტკიცა მერიის ახალი საშტატო ნუსხა, რომელიც 2018 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდა. დადგენილების თანახმად, ახმეტის მერიაში შეიქმნა მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახური, რომელიც მანამდე არ არსებობდა. უფრო მეტიც, ასეთი სამსახური საქართველოს არცერთ სხვა მუნიციპალიტეტში არ არსებობს. პარალელურად, მერიის სამსახურის უფროსის ხელფასი გაიზარდა და 1000 ლარის ნაცვლად 1500 ლარი გახდა.

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ახმეტის მერიაში მიმდინარე წლის 2 თებერვალს ჩატარდა. „რეგინფოსთვის“ ცნობილი გახდა, რომ ივანე ხალხელაურს კონკურსში გამარჯვება გარანტირებული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ თანამდებობაზე დანიშნული არ არის, იგი უკვე ერთი თვეა მერიაში ცხადდება და სამუშაო საათებში იქ იმყოფება, პერიოდულად კი მერიის წარმომადგენლობებშიც მიდის და თანამშრომლებს აკონტროლებს.

ამასთან, იგი ახმეტის მერიის სხვა აქტივობებშიც მონაწილეობს. 2018 წლის 6 თებერვალს მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია „9 შშმ პირს საჩუქრად ეტლი გადაეცა“, სადაც ფოტოებზე ჩანს, რომ ეტლების გადაცემის პროცესში, მერის პირველ მოადგილესთან, სოციალური სამსახურის უფროსთან და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, ივანე ხალხელაურიც იღებდა მონაწილეობას.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ივანე ხალხელაური პირად საუბრებში აცხადებს, რომ უახლოეს ხანში მისი „მფარველი“ მაღალჩინოსნები სასამართლოში გამართლებას პირდებიან.„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, მსჯავრდებული პირის თანამდებობაზე ყოფნა დაუშვებელია. ხალხელაურის თქმით, ის ბრალს არ აღიარებს და გამართლებას ელოდება.

სტატია სრულად წაიკითხეთ პანკისის სათემო რადიოს ვებგვერდზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]