weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

დედოფლისწყაროს ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარზე მეტი გაუხარჯავი დარჩა

13:43 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2015-2016 წლებში 5 მილიონ ლარზე მეტი გაუხარჯავი დარჩა, რის გამოც მოსახლეობამ ვერ ისარგებლა ამ თანხის შესაბამისი სიკეთით. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია მითითებული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის 1 იანვრისთვის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ნაშთის სახით ერიცხებოდა 2 305 700 ლარი. ამ თანხიდან მუნიციპალიტეტმა 2 294300ლარის გამოყენება დაგეგმა, თუმცა წლის ბოლოსთვის ნაშთი 169 800 ლარით შემცირდა და, შესაბამისად, 2 135 900 ლარი შეადგინა. მათ შორის, თავისუფალი ნაშთი 852 900 ლარი იყო.

2016 წელს მუნიციპალიტეტმა 2 073 200 ლარის ნაშთის გამოყენება დაგეგმა, თუმცა წლის განმავლობაში 831 700 ლარის ოდენობით ნაშთი დაგროვდა და წლის ბოლოს ნაშთად დარჩა 2 967 600 ლარის ფულადი სახსრები, მათ შორის, თავისუფალი ნაშთი - 2 367 700 ლარი.

ბიუჯეტის ნაშთის ზრდა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 2015 წელს გადასახდელების გეგმა 89.3%-ით, ხოლო შემოსულობების გეგმა 114.8%-ით შესრულდა, 2016 წელს - გადასახდელების გეგმა 87.3%-ით, შემოსულობებისა კი 124.7%-ით.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ წლის ბოლოს მნიშვნელოვანი ფინანსური ნაშთის არსებობას დაგეგმილი შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება განაპირობებს. აუდიტის სამსახურმა კი მიიჩნია, რომ ამის მიზეზი ქონების გადასახადის მაჩვენებლის არასწორად დაგეგმვაა.

კერძოდ, 2011-2016 წლების მონაცემებით, მუნიციპალიტეტი ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად 2.2 მილიონ ლარზე მეტს იღებდა, თუმცა, 2015-2016 წლებში რატომღაც 1.5 მილიონი ლარის მიღება დაგეგმა.

გამოირკვა, რომ მუნიციპალიტეტს ქონების გადასახადის სახით მიღებული შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირება ფინანსთა სამინისტრომ რეკომენდაციით მოხდა.სამინისტროდან გაგზავნილი წერილების მიხედვით, 2015-2016 წლებისათვის დედოფლისწყაროში ქონების გადასახადით მიღებული შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 1.3 მილიონი ლარი იქნებოდა.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, ამპერიოდისთვის ფინანსთა სამინისტროს მიერ პროგნოზირებული მაჩვენებლები სარეკომენდაციო სახის იყო, ამიტომ მუნიციპალიტეტს შეეძლო სამინისტროს წინადადება არ გაეზიარებინა და საკუთარი შემოსავლები წინა წლების მაჩვენებლების გათვალისწინებით დაეგეგმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება, სათანადოდ ვერ დაგეგმა მისაღები შემოსავლები და თავისუფალი ნაშთის ხარჯვ,რაც მიუთითებს არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.

2014 წლიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლად ნიკოლოზ ჯანიაშვილი მუშაობდა. „ქართულმა ოცნებამ“ ის მერობის კანდიდატად 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც წარადგინა და გაიმარჯვა. ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყარო-სიღნაღის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შიოლაშვილის კადრია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]