„რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, ჩვენ ვისმენთ არაერთგვაროვან განცხადებებს და მიდის სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, რაშიც ნამდვილად ვერ დავეთანხმები. საუბარია, რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე და ამ დარგის, ასე ვთქვათ, მომავალში მის არსებობაზე. აქ ნამდვილად ვერ დავეთანხმები ადამიანებს.
კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური სცენა, რომელიც არის ერთ-ერთი წარმატებული, აუცილებლად გაგრძელდება მისი საქმიანობა.
ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა და მაქსიმალური ხელშეწყობა. ჩვენ ვამაყობთ იმ წარმატებებით, რაც ამ მიმართულებით გააჩნია ჩვენს დედაქალაქს.
თუმცა, უნდა გაიმიჯნოს მეორე, რაც არის ძალიან სამწუხარო და მე არავის არ ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს. მე გთავაზობთ ყველას, ჩემო მეგობრებო, ჩემო დებო და ძმებო, მე ვიცი, რომ ჩემდამი ამ ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული პატივისცემა, რასაც ნამდვილად ვაფასებ, გთავაზობთ, რომ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს შესაბამის სამსახურებთან ერთად; ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სერიოზულად ურტყამს თუნდაც კლუბურ მუსიკას, იმ კონკრეტულ ახალგაზრდებს. ჩვენ გვიკვდება შვილები, ჩვენ გვიკვდება ძმები და დები, ჩვენი თანამოქალაეები. აქ დარწმუნებული ვარ ის ახალგაზრდები, ვინც პარლამენტის წინ გამოსულები არიან და მართავენ აქციას, დაგვიდგებიან გვერდით და ერთად შევძლებთ დავამარცოხთ და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დღეს, დილიდან „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პირები შეკრებილები არიან პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და ამ საკითხებზე მსჯელობენ.
„ჩვენ ვისმენთ გარკვეულ შენიშვნებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და აქაც მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ გუნდში ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა და ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არ არის არავისთვის მისაღები“.
„აქაც თუ მათ აქვთ ინტერესი, რომ ნახონ როგორი მოსაზრება გვაქვს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და რას ვაპირებთ მომავალში, აქაც ვთავაზობთ, რომ ჩვენი კარი არის ღია, კედელი არასდროს აღმართულა ჩვენსა და მოქალაქეებს, ახალგაზრდებს შორის. ჩვენ მზად ვართ, რომ დასხდნენ ჩვენთან ერთად და მოისმინონ ჩვენი ხედვები“, - აღნიშნა კალაძემ.
კითხვაზე, რაც შეეხება ახალგაზრდების მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, რას აპირებს ხელისუფლება, კალაძემ აღნიშნა, რომ „ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება ახალგაზრდების ლიდერების მხრიდან, რომ ეს იყო ემოციური განცხადებები“.
თბილისის მერის თქმით, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირიდან 2 გათავისუფლებულია, 6 კი პატიმრობაში რჩება.
„რაც შეეხება კლუბებში შესვლის ფორმას, შეიძლება ეს პოლემიკის საგანი იყო, თუ როგორი ფორმით უნდა ყოფილიყო, თუმცა ვთანხმდებით, რომ ნარკორეალიზატორებს ჩვენ ყველამ ერთიანი ძალით უნდა ვებრძოლოთ“, - აღნიშნა კალაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 12 მაისს, გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში მდებარე ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. თვითმხილველების თქმით, ავტომატებით შეიარაღებული ათობით სპეცრაზმელი ღამის კლუბებში შევარდა. შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს ნარკოტიკების 8 რეალიზატორი. სამინისტრომ კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკების რეალიზაციის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც უწყების ცნობით ბოლო 3 თვის განმავლობაშია გადაღებული. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებული პირები დაკავებულები არიან სპეცოპერაციამდე, კლუბებს გარეთ.
დღეს, 15:00 საათიდან, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელშიც რამდენიმე ათასი ახალგაზრდა მონაწილეობს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.