weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

17:32 სამშაბათი, 30 მაისი 2017

„რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერთიანი საარჩევნო ბლოკის სახით მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ და თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე შალვა შავგულიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს.

შალვა შავგულიძის თქმით, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „რესპუბლიკელებმა“ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში, დღეს კი მის ოპოზიციას წარმოადგენენ. შავგულიძის განმარტებით, განხეთქილების მიზეზი გახდა ის, რომ „ქარულმა ოცნებამ“ გადაუხვია ისეთი ღირებულებების გზიდან, როგორიც ადამიანი უფლებები, თავისუფლებები და ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციაა.

„ადამიანი უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელად დაცვის დანაპირების ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიზირებული და მისგან მართვადი სამართალდამცავი სისტემა, პროკურატურა და სასამართლო შესთავაზა ჩვენს მოქალაქეებს. ხოლო დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ნაცვლად ერთპარტიული და არაფორმალური მმართველობა დააწესა ქვეყანაში. ჩვენი გზების გაყრასთან ერთად, ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა უღირსი მეთოდების გამოყენებით, მნიშვნელოვანი ზიანი მოგვაყენა როგორც „რესპუბლიკელებს“, ისე „თავისუფალ დემოკრატებს“, რაც გამოიხატა ჩვენი პარტიის წევრების, მათ შორის ლიდერების დაშანტაჟებაში, გადაბირებაში. ასევე, მისგან მართვადი ცესკოს, სატელიტი პოლიტიკური პარტიების და მართვადი სასამართლოს მეშვეობით ჩვენთვის საარჩევნო კომისიებში წევრების ყოლის უფლების უკანონოდ ჩამორთმევაში და სხვა. მიუხედავად ასეთი სიძნელეებისა, ჩვენ ერთგული ვრჩებით ჩვენი მიზნების, ღირებულებების და ვაგრძელებთ ბრძოლას მათ დასაცავად“, - განაცხადა შავგულიძემ.

მისივე თქმით, „თავისუფალ დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ ერთ ბლოკში გაერთიანება საერთო ღირებულებების ქონის და თანამშრომლობის გამოცდილების საფუძველზე მოხდა.

„ერთიანი ძალით სწორედ თვითმმართველობიდან დავიწყებთ „ქართული ოცნების“ შეუზღუდავი სახელისუფლებო ძალაუფლების შემცირებას და შევქმნით საფუძველს იმისთვის, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ეს პოლიტიკური ძალა, რომელმაც არ გაამართლა ჩვენი მოქალაქეების იმედები, რომელმაც მოატყუა ქართველი ხალხი, დავამარცხოთ და ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

„რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი პარტიები იყვნენ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი დამოუკიდებლად ბარიერი ვერ გადალახეს. ცესკოს მონაცემებით, „რესპუბლიკური პარტიამ“ ამომრჩევეთა ხმების 1.55 % (27 264 ხმა) მიიღო, ხოლო „თავისუფალმა დემოკრატებმა“ – 4.63 % (81 464 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]