weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა იკლებს – გიორგი გახარია

16:38 ოთხშაბათი, 30 მაისი 2018

„2016 და 2017 წლებში, გერმანიაში დანაშაულში მხილებული ქართველების წილი დანაშაულში მხილებულთა მთლიან რაოდენობაში 0,3%-ს შეადგენს“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გერმანულ „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სტატიაში, რომლის თარგმანიც შს სამინისტრომ გაავრცელა, საუბრის თემა საქართველოსთვის მინიჭებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, ქართველების მიერ ევროპაში ჩადენილი კრიმინალის დონე და სტატისტიკურ მონაცემებია.

გიორგი გახარია საუბრის დასაწყისშივე უვიზო რეჟიმის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და მას ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გათვალისწინებით საქართველოს უდიდეს მონაპოვარს უწოდებს, რომლის შენარჩუნება და მდგრადობაც ასევე უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

„2017 წლის 28 მარტს უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან მიმდინარე წლის 21 მაისის მდგომარეობით, უშუალოდ საქართველოდან, მხოლოდ საჰაერო გზით შენგენის მიმართულებით საქართველოს 250 000-ზე მეტმა მოქალაქემ განახორციელა 300 000-ზე მეტი ვიზიტი; მითითებულ პერიოდში, კონკრეტულად გერმანიაში საქართველოს 66 091 მოქალაქემ განახორციელა 86 304 ვიზიტი. რეალურად სხვადასხვა მარშრუტებით ევროპაში შესულ მგზავრთა ნაკადი ბევრად აღემატება ამ მონაცემს. უფრო მეტიც, თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებში ამ ციფრებთან შედარებით არის ძალზედ უმნიშვნელო. აღნიშნული მიუთითებს, რომ საქართველოს მრავალი მოქალაქე ყველა წესის დაცვით სარგებლობს უვიზო მიმოსვლით და იღებს ყველა სარგებელს, რაც უვიზო რეჟიმს მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის“, – აცხადებს გიორგი გახარია.

რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელთა ტალღას, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოდან შენგენის ქვეყნებში შესვლის და დარჩენის მსურველთა რაოდენობის ზრდა არ არის განსაკუთრებული შემთხვევა, რადგან მსგავსი ტენდენცია ევროპის სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც ფიქსირდება, რომელთაც უვიზო რეჟიმი მიენიჭათ ევროკავშირთან. გიორგი გახარიას განცხადებით, პირველი წელი არის კრიტიკული ფაზა - პირველი ტალღა, რომელსაც, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, მოჰყვება კლების ტენდენცია.

„აღნიშნული პოზიტიური დინამიკა უკვე სახეზეა საქართველოს შემთხვევაშიც. 2018 წლის იანვრიდან ყოველთვიურად ფიქსირდება თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის კლება და იანვართან შედარებით აპრილში დაფიქსირებულია კლება 58%-ით“, – აღნიშნა გახარიამ.

რაც შეეხება კრიმინალს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოზიტიური განვითარება გვაქვს ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის კუთხითაც. გახარიას განცხადებით, მჭიდრო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ასევე შემცირებულია ბოლო ორ წელიწადში თავად დანაშაულში მხილებული პირების თუ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის, ასევე ბინის ქურდობის რიცხვი.

„მე ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა მედიასა თუ პოლიტიკურ სპექტრში, ცოტა გადაჭარბებულია. გერმანიის პოლიციის კრიმინალური სტატისტიკა სრულყოფილ ინფორმაციას იძლევა და ერთმნიშვნელოვნად გვიჩვენებს, რომ 2016 და 2017 წლებში, დანაშაულში მხილებული ქართველების წილი დანაშაულში მხილებულთა მთლიან რაოდენობაში 0,3%-ს შეადგენს. საქართველო ქვეყნების მიხედვით ბოლო, 25-ე ადგილს იკავებს. ჩვენ მტკივნეულად განვიცდით თითოეულ შემთხვევას და არ ვაკნინებთ ფაქტებს, თუმცა მიმაჩნია, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს“, – აცხადებს გიორგი გახარია.

გავლენიან გამოცემასთან ინტერვიუში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იმ პრევენციულ ღონისძიებებზეც საუბრობს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. მათ შორის საკანონმდებლო ცვლილება, რომელმაც გვარის შეცვლის შესაძლებლობები შეზღუდა და ინტენსიური საინფორმაციო კამპანიები. ასევე, მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპოლიციო თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები ევროკავშირის 8 ქვეყანაში: ავსტრია, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, შვედეთი. თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით იგეგმება ატაშეების ქსელის გაფართოება, რაც გულისხმობს ახალი ატაშეების წარგზავნას და რიგ შემთხვევებში ერთი ატაშეს მიერ რამდენიმე ქვეყნის გადაფარვას. უახლოეს პერიოდში, წარვგზავნით საქართველოს პირველ მეკავშირე ოფიცერს ევროპოლში“, – აცხადებს გიორგი გახარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]