weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქმეს გამოსაძიებლად დაიბრუნებს შსს და გახარია გაუძღვება ამ პროცესს - პრემიერი

00:53 პარასკევი, 01 ივნისი 2018

„ხვალ დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურიდან დაიბრუნებს საქმეს გამოძიების პროცესში და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია წაიყვანს ამ პროცესს. ის იქნება ამ პროცესის ხელმძღვანელი და რა თქმა უნდა, მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული და გავაკონტროლებ მთლიანაად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება. მე ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ჩემი ხალხის გვერდით. არასოდეს მოვრიდებივარ ხალხთან პირდაპირ კომუნიკაციას და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან. პირველ რიგში მივსულიყავი მოკლული ახალგზრდა კაცის მამასთან და სხვა გარდაცვლილების მშობლებთან, რომლებიც იქ დგანან. გავაკეთე ეს იმის მიუხედავად, რომ ყველა მეუბნებოდა და ვიცოდი, რომ პროვოკაციები იყო მოსალოდნელი. ყველამ დაინახა, რომ ჩემი მისვლა იქ მდგომი ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიიღო პოზიტიურად, მაგრამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფმა არ მომცა საშუალება ბოლომდე გამეკეკეთებინა ჩემი განცხადება.

რაც მინდოდა მეთქვა, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დროებითი კომისიის შექმნის თაობაზე. უმოკლეს ვადაში, რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება პარლამენტი, დაამტკიცებს  კომისიის შემადგენლობას, სადაც რამდენადაც მე ვიცი, შესაძლებელია და კარგიც იქნება ამ შემთხვევაში, რომ უმცირესობა წარმოდგენილი იქნება უმრავლესობის სახით და უმოკლეს პერიოდში კომისია დაიწყებს მუშაობას, იმ პერიოდში, რაც ტექნიკურად იქნება შესაძლებელი.

მესამე საკითხი, ეს გახლავთ მთავარი პროკურორის საკითხი. მე ვფიქრობ, რომ ირაკლი შოთაძემ დღეს გადადგა ღირსეული ნაბიჯი და ერთი წამით არ დააყენა ეჭვქვეშ პროკურატურის რეპუტაცია. გამომდინარე აქედან, ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი. მე მოვუწოდებ და დავალება უკვე მივეცი იუსტიციის მინისტრს, რომ მაქსიმალური ჩართულობით, საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ფენების ლეგიტიმაციით, შეირჩეს ახალი მთავარი პროკურორი. პროცესში უნდა იყოს ჩართული პარლამენტის ყველა ფრაქცია, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, რომ არცერთი მისხალი ეჭვი პიროვნულ რეპუტაციაზე თუ მის პროფესიულ მახასიათებლებზე ახალ მთავარ პროკურორთან მიმართებაში არ არსებობდეს. ეს პროცესი დასრულდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებით და რა თქმა უნდა ამ ნაბიჯით ჩვენ საზოგადოების მოთხოვნებს გავცემთ პასუხს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ის გარანტიას აძლევს დაღუპული ბავშვების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, ყოველდღიურად, რა ხარისხითაც ისინი მოინდომებენ ინფორმაციის მიღებას და ჩართვას პროცესში, იმ ხარისხით მიიღებენ ინფორმაციას და იქნებიან მაქსიმალურად ჩართულნი როგორც შსს-ს მიერ წარმართულ პროცესში, ასევე საგამძიებო კომისიის მუშაობაში.

„მე პირადად გეუბნებით, რომ პირადად გავაკონტროლებ ყველა ნაბიჯს და პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დროის უმცირეს მონაკვეთში და ხვალ დილიდან მე მექნება ამაზე საუბარი თუ რა პერიოდი შეიძლება იყოს ეს, ჩვენ დავდებთ შედეგს და ეს იქნება პასუხი ჩვენი საზოგადოების მიერ დასმულ კითხვვებზე და ამ გამოწვევაზე ასევე პოლიტიკური პასუხი ჩვენი მხრიდან“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, მას თანამდებობა არცერთი ადამიანის უბედურებად არ უღირს: „როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუნდაც ოდნავ გააუმჯობესებს და განმუხტავს სიტუაციას, მე არცერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები. დღეს ეს სიტუაცია არ არის და ეს მომენტი არ დამდგარა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის მთავარია, რომ ჩვენი საზოგადოების შეკითხვებს პასუხი გავცეთ უმოკლეს ვადაში და ჩემთვის მთავარია, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]